ახალი ამბები
ხაშურში მიმდინარეობს დისკუსია, თუ რატომ არ დადგეს ტატო გრიგალაშვილი ბანერი
სოციალურ ქსელში, ფეისბუქის გვერდზე, რომელიც ,,ხაშური ჩემი ქალაქიას'' სახელითაა ცნობილი, მიმდინარეობს დისკუსია, თუ რატომ დადგეს მხოლოდ ლუკა მაისურაძის ბანერი და არ დადგეს ტატო გრიგალაშვილის ბანერი.

ამის შესახებ აღნიშნული გვერდის ადმინისტრატორი, სამოქალაქო აქტივისტი წერს. ზაზა მეხრიშვილი კულტურის სამსახურის უფროსის კონსტანტინე ფრუიძის გათავისუფლებას ითხოვს:

"ხაშურში სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსს კონსტანტინე ფრუიძეს ნამუსი რომ ქონდეს, წავიდოდა სამსახურიდან ტატო გრიგალაშვილის გარიყვის გამო. მე პირადად ვთვლი, კონსტანტინე ფრუიძე არის მავნებელი, ის ადამიანებს და წარმატებას საზღვრავს ფულით." - წერს სამოქალაქო აქტივისტი.

ფეისბუქ სტატუს ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხაშურის მერიამ სპორტსმენი სათანადოდ არ დააფასა.

კონსტანტინე ფრუიძე ამბობს, რომ მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები სიცრუეა ხოლო ხაშურის მერიაში ჯერ კოდევ არ იციან, განთავსდება თუ არა ქალაქში სახელოვანი სპორტსმენის ფოტო ბანერი.

" ბანერი ტატო გრიგალაშვილის სურათით ამ ეტაპზე განთავსებული არ არის, თუმცა ქალაქში გვაქვს ვიდეო ეკრანი, სადაც პერმანენტულად ზიარდება, როგორც ლუკა მაისურაძის, ისე ტატო გრიგალაშვილის ვიდეოები."- განაცხადა ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო სუხიაშვილმა.

რატომ დაიწყო ტატო გრიგალაშვილის გარიყვის თემაზე დისკუსია? როგორც ცნობილია, ტატო გრიგალაშვილი ხაშურელია, თუმცა მას სპორტულ მიღწევებს ქარელის სპორტულ სკოლაში სწავლის შემდეგ მიაღწია. ამიტომ, ქარელის მერიამ ის ქარელის საპატიო მოქალაქედ დაასახელა.

ქარელის მერიაში თვლიან, რომ ტატო გრიგალაშვილის წარმატება სწორედ ქარელს და არა ხაშურს უკავშირდება.

ამ თემაზე პირადად სპორტსმენს კომენტარი არასდროს გაუკეთებია, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ ის ხაშურში არ ფასდებოდა და ამიტომაც დაიწყო ვარჯიში ქარელში.

ცნობისათვის, 11 მაისს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ორმა ხაშურელმა ოქროს მედლები მოიპოვეს.

90 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა ლუკა მაისურაძე, გუშინ კი, - 81 კგ წონით კატეგორიაში - ტატო გრიგალაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები