ახალი ამბები
გორში სადგურის დასახლებაში სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცი 3 თვის შემდეგ დააკავეს
გორში სადგურის დასახლებაში სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცი, ვანო ღვინიაშვილი 3 თვის შემდეგ დააკავეს.

ამის შესახებ ,,ქართლის ამბებს'' მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნინო შავშვიშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, ღვინიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა, ამიტომ ის მოსამართლეს სთხოვდა, რომ დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ.

"ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა აქვს, მათ შორის აწუხებს ფილტვი, ვერ სუნთქავს ნორმალურად, ვერც დადის, ყავარჯნის დახმარებით გადაადგილდება, დაკავების შემდეგ სტაციონარშიც კი მოხვდა იმდენად ცუდად იყო. ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი, ჯერ ვერ დავუკავშირდი შაბათ-კვირა რომ დაემთხვა და არ ვიცი, ამ ეტაპზე როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა", - აცხადებს შავშიშვილი.

ვანო ღვინიაშვილის დაკავება უკავშირდება გორში, 28 თებერვალს მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც, პროკურატურის ინფორმაციით, სადგურის დასახლებაში მცხოვრებმა ნიკა საბაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა ირაკლი კობერიძეს და ვანო ღვინიაშვილს. კობერიძე ადგილზე გარდაიცვალა, ღვინიაშვილი კი, რამდენიმე კვირის განმავლობაში მკურნალობდა სამხედრო ჰოსპიტალში.

დაპირისპირების გამომწვევ მიზეზებზე მხარეები საკუთარ ვერსიებს ასახელებენ.

იხ ამავე თემაზე:

ვერსიები გორში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები