ახალი ამბები
„კარალეთის ქათამი“ დააჯარიმა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
შპს ნაჭარმაგევი, იგივე "კარალეთის ქათამი", სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა.

დაჯარიმებული კომპანიების შესახებ ბოლო 3 თვის მონაცემები სააგენტომ გამოაქვეყნა. მათ შორისაა დასახელებული კომპანია, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა შავდათუაშვილის მშობლებს ეკუთვნის.

დაჯარიმების ფაქტს ადასტურებს მფლობელი გენადი შავდათუაშვილი. ის ამბობს, რომ მნიშვნელოვანი დარღვევა არ ჰქონიათ, მაშინ როდესაც სურსათის ეროვნული სააგენტო წერს, რომ ადგილზე "კრიტიკული შეუსაბამობები" დახვდათ.

"ისეთი არაფერი არ იყო, კრიტიკულ დარღვევაში არ ვიცი რა იგულისხმეს. მაცივრის კედელზე 2-3 წვეთი იყო და ალბათ ამის გამო. ჯარიმაც დაგვიწერეს, ახლა ამ ეტაპზე ჩვეულებრივად განვაგრძობთ მუშაობას", - ამბობს გენადი შავდათუაშვილი.

რაც შეეხება, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა შველიძე ვერ აკონკრეტებს, რა იგულისხმება "კრიტიკულ შეუსაბამობაში" და ქართლის ამბების ეუბნება, რომ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვონ უწყებიდან:

,,დაჯარიმებულიც იქნება, დალუქულიც იქნებოდა და ახლა რა მდგომარეობაშია, თვითონ კომპანიას უნდა კითხოთ'' - ამბობს თეა შველიძე.

"თუ კრიტიკული შეუსაბამობა წერია ანგარიშში, ესე იგი დაჯარიმდა კიდეც კომპანია 1000 ლარით, კონკრეტულად, თქვენ მიერ ნახსენებ კომპანიაზე თუ გაინტერესებთ, დამატებითი დეტალები, გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია", - უთხრა თეა შველიძემ ქართლის ამბებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები