ახალი ამბები
წვიმების შემდეგ გორის სოფლებში ვაშლს ქეცი გაუჩნდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხეხილის ბაღებში ქეცის დაავადებაა გავრცელებული, განსაკუთრებით დაზიანებულია ვაშლის ბაღები - ამის შესახებ საუბრობს, როგორც მოსახლეობა, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლობაც.

ვეფხია კასრაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში რამდენიმე ხეხილის ბაღი აქვს. მისი თქმით, წელს ქეცის სოკოვანი დაავადება ვაშლის ხეებზე მასობრივად გავრცელდა.

"ერთი მხრივ უამინდობაა ამის მიზეზი, გვიან შეიწამლა ბაღები, მეორე მხრივ ის, რომ საქართველოში ვადაგასული წამლებია შემოტანილი. გადახედეთ მსხვილი ბიზნესმენების ბაღებს და უბრალო გლეხის ბაღს, დიდი განსხვავებაა, ხარისხიან და ვადიან წამალს ბიზნესმენები იყენებენ, ვადაგასული და უხარისხო წამალი კი, რიგით მოსახლეობამდე მიდის, რის გამოც ვაშლის ხეებს მასობრივად მოედო ქეცი. ახალი წამალი ვცადეთ, 1 თვეში დავინახავთ შედეგს, გავრცელდება თუ არა სხვა ხეებზეც ქეცის დაავადება", - აცხადებს ვეფხია კასრაძე.

ვაშლის ქეცი რომ მასობრივად არის გავრცელებული, ამას ადასტურებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლი რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელი მამუკა ლომსაძეც, რომელიც ფაქტს უამინდობას უკავშირებს.

"ხშირი ნალექიანი ამინდების გამო, ფერმერებმა ვერ მოახერხეს ხეხილის ბაღების დროულად შეწამვლა, რის გამოც, ვაშლის ხეებს ქეცი გაუჩნდათ. ამ მხრივ, პრობლემა ნამდვილად არის. რაც შეეხება, ნარგავ-ნათესებს, წინა წელთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ დამუშავებული მიწების საერთო ფართობი გაზრდილიც კი არის", - აცხადებს მამუკა ლომსაძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები