ახალი ამბები
,,2008 წელს დასავლეთმა მარტო დაგვტოვა'' - გორის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს ფრაზა სრული სერიოზულობით არ უთქვამს
"2008 წელში ჩვენ ფაქტობრივად მარტო დავრჩით", - გორის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ აღნიშნული განცხადება სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. რაზმაძე ფიქრობს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს თბილისში პრეზიდენტების ჩამოსვლას აზრი არ ჰქონდა.

"ტაფაზე პირდამწვარი დოს სულს უბერავდაო, ასეა ჩვენი ქვეყნის საქმე. 2008 წელში ჩვენ ფაქტობრივად მარტო დავრჩით. ჩვენ რომ ჩავერთოთ ევროპის ძლიერი ქვეყნების რიტორიკაში, იმათ ძალაც აქვთ და ნატოს წევრებიც არიან. იმ 5-მა პრეზიდენტმა რა გააკეთა გამაგებინეთ, რაც ჩაიწერა შესრულდა რამე? ის შეშფოთება და რეზოლუციები რა როლს თამაშობს? რა მივიღეთ? არც არაფერი", - აღნიშნული განცხადება რაზმაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც სხდომის მიმდინარეობისას ოპოზიციასა და "ქართული ოცნების" წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

რაზმაძემ ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა იმაში, რომ სწორედ აღნიშნულმა პარტიამ გადასცა საქართველოს მიწები რუსეთს.

მოგვიანებით, ჟურნალისტებთან განმარტებისას, განაცხადა, რომ აღნიშნული სიტყვები სრული სერიოზულობით არ უთქვამს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები