ახალი ამბები
გორში ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობისთვის 226 113 ლარი გამოიყო
გორის სოციალური საცხოვრისის ე.წ ნარკოლოგიურის შენობისთვის მერიამ 226 113 ლარი გამოყო. ბიუჯეტში შესაბამის ცვილილებებს საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული შენობა რეაბილიტაციას ექვემდებარება.

"რეაბილიტაციაც შესაძლებელია, თუმცა შესაძლოა ახალი შენობის აშენება უფრო იაფი დაჯდეს, ვიდრე არსებულის შეკეთება, აქედან გამომდინარე დასათვლელია ზუსტი ხარჯები და შემდეგ მიიღებს მერია გადაწყვეტილებას. ყოველ შემთხვევაში, გორის ბიუჯეტში შევიდა ცვლილებები და ნარკოლოგიურის შენობისთვისაც გამოიყო თანხები", - განმარტა დავით რაზმაძემ.

აღსანიშნავია, რომ გორის სოციალურ საცხოვრისის რეაბილიტაციას აქ მაცხოვრებლები უკვე დიდი ხანია ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ შენობაში ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიში გახდა. საცხოვრისში არსებული მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ, ინფორმაცია წინა სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა.

"მძიმე და ღირსების შემლახავი" - უწოდა არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" ე.წ ნარკოლოგიურის შენობაში არსებულ პირობებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები