ახალი ამბები
ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების მართვა დაექვემდებარა გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს მერიამ სახელი შეუცვალა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თამაზ მაყაშვილი დანიშნა. საკრებულომ მერიის ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

საკრებულოს წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით, ამიერიდან აღნიშნული ა(ა)იპ-ის სახელწოდება იქნება: გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტო.

"სამინისტრომ გორს გადმოსცა სამართავად ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიები. აქედან გამომდინარე შეიცვალა ააიპ-ის სახელწოდება. გარდა ამისა, ტურიზმის განყოფილებაც დაექვემდებარა სტრატეგიული განვითარების სააგენტოს", - განმარტა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ.

აღნიშნული ა(ა)იპ-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თამაზ მაყაშვილი დაინიშნა, რომელიც არის გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მრჩევლის თევდორე მაყაშვილის მამა. აღნიშნულ ფაქტს საკრებულოში ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა.

"თამაზ მაყაშვილი არის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ახლო მეგობრის მამა, სწორედ აქედან გამომდინარე დანიშნეს ის ამ თანამდებობაზე. ეს ადამიანი გამოირჩევა პრორუსული განცხადებებით, შეგიძლიათ ამაში დასარწმუნებლად გადახედოთ მის სოციალურ ქსელს", - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი.

"სანამ ჩემი შვილი დაინიშნებოდა გორის მერის მრჩევლად, მანამდეც ვმუშაობდი მე საჯარო სამსახურში, ამიტომ სერიოზულად ვერ ვუპასუხებ კრიტიკას. დიდი ხანი მინდოდა, რომ ასეთი სააგენტო ყოფილიყო, ჩემი წინადადები მქონდა და ალბათ მოეწონათ ეს აზრი", - განმარტავს თამაზ მაყაშვილი.

კითხვას თუ რა ნიშნით შეირჩა მისი კანდიდატურა აღნიშნულ პოზიციაზე, თავად მაყაშვილი არ პასუხობს და გორის მერთან გვამისამართებს.

როგორც საკრებულოს განკარგულებაშია მითითებული, 2022 წლის 3 ნოემბერს დამტკიცდა საქართველოს კანონი „ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, რომელიც ამოქმედდა 2023 წლის 1-ელი იანვრიდან და ითვალისწინებს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის და ტანის აღკვეთილის შექმნას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები