ახალი ამბები
გორიდან პოლონეთში ბაღების სპეცმასწავლებლების ნაცვლად მეთოდისტები წავიდნენ - რატომ?
გორის ბაღების სააგენტოს თანამშრომლები პოლონეთში ქალაქ ოჟიშის მერის მიწვევით სასწავლო ტრენინგზე იმყოფებიან. სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის, ვახტანგ გიუნაშვილის ინფორმაციით, ტრენინგი ინკლუზიურ, სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების განათლებას ეხება

Qartli.ge - ს ინფორმაციით აღნიშნულ ტრენინგზე ორი წლის წინ გორის ბაღების სააგენტომ ის სპეც პედაგოგები გაუშვა, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან, სადაც მოხდა მათი თეორიული გადაამზადება. თეორიულ გადამზადებას უნდა მოჰყოლოდა შემდგომი პრაქტიკული სამუშაოები, რაც ისევ სპეც პედაგოგებს უნდა გაევლოთ.

მიუხედავად ამისა გორის ბაღების სააგენტოს მენეჯერმა, გიორგი შათირიშვილმა პოლონეთში მეთოდისტები გაუშა, რომლის მოვალეობაც მხოლოდ აღმზრდელი-პედაგოგის სწავლების მეთოდოლოგიის შეფასება და მითითებების გაცემაა.

დელეგაციას თავად სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი შათირიშვილიც გაჰყვა.

მენეჯერის მოადგილემ ვახტანგ გიუნაშილმა არ იცის დეტალები, თუ ვინ იყო ადრე პოლონეთში და რატომ წავიდნენ ახლა მეთოდისტები, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

ასევე აუცილებელი იყო ქალაქ ოჟიშში სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი შათირიშვილისს წასვლაც.

"წინაზეც გაყვა დელეგაციას ხელმძღვანელი, მაშინ დირექტორის მოადგილე სოსო ვანიშვილი იყო წასული. მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. დეტალები მართლა არ ვიცი, ადრე ვინ იყო და ახლა მეთოდისტები რატომ წავიდნენ. ეს მოხდა ქალაქ ოჟიშის მერის მიწვევით და ვინ მიიწვიეს და რამდენი ადამიანი არ ვიცი"- ამბობს გორის ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ვახტანგ გიუნაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები