ახალი ამბები
ჩორჩანაში, სადაც 12 ოჯახია დარჩენილი, სოციალურ დახმარებებს ითხოვენ
80 წლის დიანა ივანიშვილი 18 წლის ასაკიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში ცხოვრობს. აღნიშნული სოფელი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და 2019 წლის შემდეგ, ჩორჩანაში ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შესვლა აკრძალული ჰქონდათ.

3 წლის შემდეგ, ირკვევა, რომ ჩორჩანაში მოსახლეობის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა. აქ მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სოფელში 12 ოჯახია დარჩენილი.

"აქ გაზრდილი ვარ, 18 წლის მოვედი რძლად. ჩვენთვის არც ოსს არაფერი დაუშავებია და არც ჩვენ დაგვიშავებია მათთვის რამე. მე რა ვქნა, პუტინია თუ ვიღაცაა, აგზავნის ამ რუსებს, ოსი არაფერ შუაშია. ჩვენც ვფრთხილობთ, ძალიან ვფრთხილობთ. ის საგუშაგო რო აიღონ, ჩვენი საქმე ცუდად იქნება. გადმოვლენ, მერე ვიღა დაიჭერს იმ რუსებს. რომ ვთქვა არ გვაწუხებენ, არ შემოდიან სოფელში. სოციალური პრობლემები გვაწუხებს, შვილი მყავს ონკოლოგიური დაავადების მქონე", - ამბობს დიანა ივანიშვილი.

დიანა ივანიშვილი პოლიციის იმ საგუშაგოს გულისხმობს, რომელიც ჩორჩანაში 2019 წელს დაიდგა. ფაქტს საოკუპაციო ძალების აღშფოთება მოჰყვა. ისინი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვდნენ აეღოთ აღნიშნული საგუშაგო. იმ პერიოდში სამხედრო ექსპერტები ამბობდნენ, რომ ესკალაციის საფრთხე დიდი იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გადაწყვიტა, რომ აღნიშნულ სოფელში მედიის მუშაობა შეეზღუდა.

2023 წლის 14 ივნისს, სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის სოფელში ვიზიტის ფარგლებში, სუს-მა 3 წლის შემდეგ, მედიას სოფელში მუშაობის საშუალება მისცა. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სოფლის მოსახლეობას უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, სოციალური პრობლემებიც აწუხებს.

"მიმაჩნია, რომ სოციალური მიმართულებით აქ და ყველა იმ სოფელში, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარედ არის, მეტი ყურადღება არის საჭირო. კონკრეტული პრობლემები აქვთ, რასაც სჭირდება მოკლე ვადაში მოგვარება. მიმაჩნია, რომ ყველა აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართული ამ ადამიანების პრობლემების მოგვარებაში", - აცხადებს ლევან იოსელიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები