ახალი ამბები
გორის მერიის ორი აიპიდან უცხო პირებზე გადაირიცხა 375 000 ლარი - აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად არის აღწერილი თუ სად და რა სიხშირით რიცხავდა თანხებს 2 ააიპ-ის ყოფილი ბუღალტერი და ახლა უკვე მსჯავრდებული ლეილა წკრიალაშვილი.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2020 წლის აპრილიდან 2022 წლის აპრილამდე პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული 2 სუბიექტიდან: ა(ა)იპ−გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოდან და ა(ა)იპ−გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოდან საბიუჯეტო სახსრები სისტემატურად ირიცხებოდა ფიზიკური პირის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე.



ფოტოზე: ყოფილი ბუღალტერი ლეილა წკრიალაშვილი


"მისმიერ გადარიცხვების საფუძვლად მითითებული / წარდგენილი იყო სხვადასხვა დოკუმენტი – ხელფასის უწყისები,მიღება-ჩაბარების აქტები, ბუნებრივი აირის მოხმარების ქვითრები. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ დოკუმენტები არ იყო ავთენტური. მაგალითად, ხელფასის უწყისებში ირიცხებოდნენ პირები, რომლებიც ა(ა)იპ-ის თანამშრომლები არ იყვნენ; გადარიცხვის საფუძვლად მითითებული იყო ბუნებრივი აირის მოხმარების ქვითრები, მაშინ როდესაც შესაბამის პერიოდზე ანგარიშფაქტურები საფუძველზე ანგარიშსწორება უკვე განხორციელებული იყო", - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ლეილა წკრიალაშვილს 6 სხვადასხვა ანგარიში ჰქონდა, რომმლებზეც ორწლიან პერიოდში 266 უკანონო ტრანზაქცია განხორციელდა, ჯამში 375 000 ლარის ოდენობით.

,,აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერია ითანხმებს ა(ა)იპ-ის საშტატონუსხას, ამტკიცებს იურიდიული პირის ბიუჯეტს მუხლობრივი ჩაშლით, განიხილავს ა(ა)იპ-ების მიერ წარმოდგენილ საბიუჯეტო რესურსების ხარჯვისა და საქმიანობის ანგარიშებს. იურიდიული პირის ბუღალტრის მიერინიციირებულ საგადახდო დავალებას ადასტურებს ა(ა)იპ-ის დირექტორი და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენელი. მიუხედავადდანერგილი კონტროლის მექანიზმებისა, უკანონო ტრანზაქციები, რომლებიცორი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და სისტემატური ხასიათი ჰქონდა ვერ იქნა იდენტიფიცირებული. გადარიცხვები კონტროლის განმახორციელებელი პირების მიერ დადასტურებულია, რაც მათ მიერფუნქცია-მოვალეობების არასათანადოდ შესრულებაზე მიუთითებს. აღნიშნული მათი არასათანადო კვალიფიკაციით იყო გამოწვეული თუურთიერთშეთანხმების შედეგია, შემდეგი მოკვლევის საგანს წარმოადგენს.'' - წერია ანგარიშში.

დასკვნა: ,,მუნიციპალიტეტში დანერგილმა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო ხანგრძლივ პერიოდში არაავთენტური დოკუმენტაციის საფუძველზე 375 ათასი ლარის საბიუჯეტო რესურსების არამართლზომიერი ხარჯვის გამოვლენა და თავიდან აცილება. აღნიშნული მის არასათანადო ფუნქციონირებასა და ფორმალურ ხასიათზე მიანიშნებს.''

ვინ იყვნენ აღნიშნულ პერიოდში დირექტორები? საჯარო რეესტრის მონაცემებით:

2019 წელს - გელა კაპანაძე
2021 წლის 29 დეკემბრიდან - დავით წეწვაძე
2022 წლის მარტიდან - ზურაბ ილურიძე



ფოტოზე: კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორები: გელა კაპანაძე, დავით წეწვაძე, ზურაბ ილურიძე

2022 წლის 7 ოქტომბერს, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ააიპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ყოფილი და მოქმედი დირექტორები - გელა კაპანაძე, დავით წეწვაძე და ზურაბ ილურიძე.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. პრეს-რელიზის მიხედვით, გამოძიება ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

,,მიუხედავად სამსახურის დებულებით განსაზღვრული პერსონალური ვალდებულებისა, მაღალი თანამდებობის მქონე საჯარო მოხელეები არ ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას და არაეფექტურ კონტროლს უწევდნენ ორგანიზაციების სახელით განხორციელებულ ფინანსურ გადარიცხვებს, რითაც ისარგებლა ბუღალტერმა ლ. წ-მა, რომელმაც 2020 წლის 21 იანვრიდან 2022 წლის 07 აპრილის ჩათვლით პერიოდში სახაზინო ანგარიშიდან პირად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და საკუთარი საჭიროებებისათვის გამოიყენა სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 370 479 ლარი. როგორც ცნობილია, ჩადენილი დანაშაულისათვის ბუღალტერი ლ. წ. დაკავებულია და მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა.'' - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები