ახალი ამბები
,,არ ვიცნობ, პირველად ვხედავ'' - რატომ აიგნორებს ქარელის მერია ანსამბლ ,,ყინწვისს'' ?
ანსამბლ "ყინწვისის" ხელმძღვანელი პაატა ხურცილავა ადგილობრივ ხელისუფლებას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. ქორეოგრაფის თქმით, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო მის ანსამბლს მერიის მიერ გამართულ ღონისძიებებზე არ ეპატიჟებიან.

"მე როგორც რიგითი მოქალაქე არ ვარ ამ მთავრობის და "ქართული ოცნების მხარდამჭერი და ვფიქრობ, მაქვს ამის უფლება. უკვე 2 ათეული წელია, რაც ჩემი ანსამბლი დაარსდა და მოღვაწეობს ქარელის რაიონში. ანსამბლი დაკომპლექტებულია ბავშვებით, რომლებიც სწავლობენ და იზრდებიან ქარელში. მათ ეკუთვნით ყველა ის სიკეთე რაც რაიონში ხდება. როცა სხვა ბავშვები ზეიმობენ, უნდა იზეიმონ ჩემმა ბავშვებმაც.'' - აცხადებს პაატა ხურცილავა.

ის ხედავს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ინტენსიურად ატარებს ღონისძიებებს, კონცერტებს, სადაც მონაწილეობენ რაიონის მასშტაბით მოღვაწე სიმღერის, ცეკვის, სალოტბარო თუ სხვა სახელოვნებო ანსამბლები, თუმცა რადგანაც იგი არ არის "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, ამის გამო მას და ჩემს ანსამბლს აიგნორებენ.

,,ჩემთან დადიან აპოლიტიკური ბავშვები! პატარები საყვარლები და მშრომელები. მათ არ აინტერესებთ პოლიტიკა. როგორც ჩემებს, ისე სხვებს უყვართ მშობლები, მეგობრები, სპორტი კონცერტები, ფესტივალები, მაყურებელი, ოვაციები და ა.შ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბავშვები, რომლებიც ჩემს ანსამბლში დადიან, ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო იჩაგრებიან.'' - აცხადებს ხელმძღვანელი.

ანსამბლის ხელმძღვანელი მიმართავს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ბოროტებაში მონაწილეობენ:

,,გრცხვენოდეთ, ვინც ამ ბოროტებაში მონაწილეობთ. არ დაგავიწყდეთ, რომ სიჩუმეც დანაშაულია. იყო დრო, როდესაც ქარელში ანსამბლი "ყინწვისი" ხსნიდა და ხურავდა ღონისძიებებს. იმის მერე ჩვენ კიდევ უფრო გავალამაზეთ ჩვენი პროგრამა და ცეკვები. რატომ აღარ გვიწვევთ კონცერტებზე? დამერწმუნეთ, რომ ჩემი ანსამბლი ძლიერდება ამ ყველაფრით. მინდა იცოდეთ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენს კონცერტებს და მომავალს აზიანებთ ამით. ჩვენ გვაქვს კეთილი გეგმები, რის შესახებაც ყველა ძალიან მალე გაგიგებს." წერს ანსამბლს "ყინწვისის" ქორეოგრაფი პატა ხურცილავა.

,,ქართლის ამბები'' დაუკავშირდა ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანების დირექტორს გიორგი ეგნატაშვილს.

მისი თქმით, ქორეოგრაფს თავად არ გამოუთქვამს სურვილი, მონაწილეობა მიეღო მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.

" ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ. სურათი რომ ვნახე, მერე აღვიდგინე, ვინც არის. ნორმალურად არც კი ვიცნობ და მისი პოლიტიკური შეხედულებები სულ არ ვიცი. არ მოუმართავს არასდროს, რომ მონაწილეობა უნდოდა მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. თუმცა მახსენდება შემთხვევები, როდესაც პირდაპირ მერიას მიმართა წერილობით და მონაწილეობა მიიღო ქარელის დღეების ღონისძიებაში და ჯანო ბაგრატიონის ფესტივალზე. ჩვენ გვყავს 3 მუნიციპალური ანსამბლი და ასევე ხელოვნების სკოლები. საკმაოდ ნიჭიერი თაობაა და ხშირად იმდენი ნომრებია ღონისძიებაში, ყველას ვერ ვატევთ. ამიტომ უნდა მოგვმართონ კერძო ანსამბლებმა, რომ განვიხილოთ მათი ღონისძიებებში ჩართვის შესაძლებლობა. გარწმუნებთ, რომ ამ ადამიანს არც სიტყვიერად და არც წერილობით არ მოუმართავს ჩვენთვის."- ამბობს გიორგი ეგნატაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები