ახალი ამბები
ყიფიანის ბიუსტის შესაძენად ხაშურის მერიას ტენდერის ჩატარება მოსთხოვეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას, შესყიდვების სააგენტომ დიმიტრი ყიფიანის ბიუსტის პირდაპირ მოქანდაკე გიორგი ჭანკოტაძისგან შესყიდვაზე უარი უთხრა. მერიას უნდოდა, რომ ხაშურის ცენტრში დადგმულიყო ყიფიანის ბიუსტი, რომელიც თბილისის საკრებულოში მდგარი სკულპტურის ზუსტი ანალოგი იქნებოდა.

"იმისათვის რომ გამარტივებული შესყიდვა განხორციელდეს ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძვლით, შესასყიდი ობიექტის მიწოდება უნდა იყოს მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლება და არ უნდა არსებობდეს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით და ინფორმაციით არ დგინდება რომ ზემოაღნიშნული საქონლის მიწოდება მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ქვეყნის შიგნით არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია იმავე საქონლის მიწოდება", - აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილებაში.

ხაშურის მერის სურდა, რომ დიმიტრი ყიფიანის ბიუსტი მოქანდაკე გიორგი ჭანკოტაძისგან 30 000 ლარად შეესყიდა. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ტენდერის გამოცხადებას არ ჩქარობს. უწყებაში ამბობენ, რომ დიმიტრი ყიფიანის ბიუსტთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები