ახალი ამბები
თვალადში სასმელი წყლის მოწყობის სამუშაოები მიატოვეს
კასპის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი სოფელია, სადაც სასმელი წყლის პროექტი არ შესრულდა. კომპანიას, რომელმაც სამუშაოები 2022 წლის შემოდგომით დაიწყო, ვადა 6-ჯერ გაუხანგრძლივეს, თუმცა სამუშაოები ვერც ივლისამდე დასრულდა.

უფრო მეტიც. არც არაფერი გაკეთებულა, რადგან საზედამხედველო კომპანიას არ კი შეუმოწმებია სამუშაოები.

სოფელ თვალადში მოსახლეობას წელს უნდა ჰქონოდა ჭაბურღილი, სამარაგო რეზერვუარი თავისი მაგისტრალური მილსადენით.

პრობლემების შესახებ პირველი ცნობები მაშინ გამოჩნდა, როდესაც 2022 წლის 21 ნოემბერს კომპანია ,,თექ ჰაივეიმ''მერს ვახტანგ მაისურაძეს ვადის გაგრძელება პირველად სთხოვა.]

პირველ წერილში ვკითხულობთ:

,,მუშაობის პროცესში წარმოქმნილი ახალი გარემოებების გათვალისწინებით გთხოვთ გაგვიგრძელოთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა 30 კალენდარული დღით.'' - წერია კომპანიის წერილში, თუმცა არ ასახელებს ამ ახალ გარემოებას.

სამაგიროდ, მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი გელიტაშვილი ასახელებს კონკრეულ მიზეზს თავის მოხსენებით ბარათში. მისი განცხადებით, ჭაბურღილთან მისასვლელი გზა საჭიროებს დამუშავებას. ამაში ერთი თვის ვადა მოითხოვეს.

ორი თვის შემდეგ 2023 წლის 13 იანვარს კომპანიამ მორიგი წერილი გაგზავნა მერიაში. ამ წერილით ირკვევა, რომ კომპანიას არ ჰყავდა მოძიებული ის ხალხი და ტექნიკა, რომლითაც ჭაბურღილი უნდა გათხრილიყო:

,,გაცნობებთ, რომ ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოებისათვის მოძიებულ იქნა შპს "ვექტორ 2", მიმდინარეობს ქვეკონტრაქტორთან ხელშეკრულების დეტალების დაზუსტება. ბურღვითი სამუშაოების დამთავრების სავარაუდო ვადად განისაზღვრა ა.წ. 28 თებერვალი, რაც შეიძლება შეიცვალოს მუშაობის პროცესში წარმოქმნილი ფაქტობრივი გარემოებების გამო. გთხოვთ, სამუშაოების შესრულების ვადა, სამუშაოების წარმოების სირთულისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, გაგვიგრძელოთ ა.წ. 30 მარტამდე'' - წერია იანვრის წერილში.

როდესაც 30 მარტი დადგა, კომპანიამ მოითხოვა ვადის გაგრძელება 30 აპრილამდე. 30 აპრილს კი ორი თვით, 60 დღის ვადით - ანუ მაისი და ივნისი. მიუხედავად ამისა, თვალადში მერიას შედეგი არ დახვდა.

ასე, ჩავარდა პროექტი, რომლის თანხა არსებობდა, ხოლო თვალადები წყალს მიმდინარე ზაფხულს მაინც მოელოდნენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები