ახალი ამბები
დე-ფაქტო ხელისუფლებამ მოქალაქეებს ე.წ. სასაზღვრო ზონაში ყიდვა-გაყიდვის უფლება მისცა
დე-ფაქტო ხელისუფლებამ მოქალაქეებს გამყოფ ხაზთან მდებარე ტერიტორიაზე, ე.წ სასაზღვრო ზონაში 2 თვით ბაზრის მოწყობის უფლება მისცა.

ამის შესახებ სტატია სააგენტო ,,რესის'' გვერდზე გავრცელდა. აღნიშნული სააგენტო დე-ფაქტო ხელისუფლების მთავარი საინფორმაციო წყაროა.

ამავე საიტის ცნობით, ე.წ. სასაზღვრო ზონაში მოქალაქეებს 2 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით ეძლევათ უფლება განახორციელონ გარკვეული სახის ეკონომიკური საქმიანობა, კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენა და ტრანსპორტირება.

პროდუქტების შეძენა შესაძლებელი იქნება ე.წ. სასაზღვრო ზონაში, რომელიც ცხინვალის, ზნაურის და ახალგორის რაიონების სასაზღვრო ზონაში მდებარეობს. რაც მთავარია ამისათვის მოქალაქეებს არ ჭირდებათ სპეციალური ნებართვა.

ერთადერთი ვალდებულება, რაც მოქალაქეებს ეკონომიკური საქმიანობისათვის დაჭირდებათ, არის რუსეთის სასაზღვრო ძალების უახლოეს შტაბში მისვლა, სადაც მოხდება პირის იდენტიფიცირება, საცხოვრებელი ადგილის დაზუსტება და ეკონომიკური საქმიანობის დაზუსტება და ვადა.

,,ეს ღონისძიება მიზნად ისახავს ხელსაყრელი პირობების შექმნას აქტიური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პერიოდში,'' - აღნიშნულია სააგენტო რესის სტატიაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები