ახალი ამბები
აგვისტოს ომის დაწყებიდან 15 წელი გავიდა
დღეს, 7 აგვისტოს, 15 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრიდან და 2008 წლის "აგვისტოს ომის" დაწყებიდან. ომი 5 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით,  საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ვერსიით, 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველო თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს. რუსეთმა კი, რომელიც "ოსი ხალხის დასაცავად დადგა", სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 7-8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთს დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამგლოვიარო ღონისძიებები გაიმართება.

2023 წლის აპრილის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა 130 მილიონამდე ევრო უნდა გადაიხადოს ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ. ,,ნეტგაზეთის'' ცნობით, კომპენსაცია ნაწილდება სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში და "ბუფერულ ზონაში" მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის, ძარცვის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, სამხედრო ტყვეების წამების ადმინისტრაციული პრაქტიკის და სხვა მსხვერპლთა მიმართ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები