ახალი ამბები
შოვში მე-19 დაღუპული იპოვეს - ეძებენ კიდევ 15-ს
შოვში, დამეწყრილ ტერიტორიაზე, მე-19 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ნაპოვნია ქალის ცხედარი.

"მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ცალკეული ფრაგმენტი. შეიძლება ითქვას, რომ იმ ლოკაციაზე, სადაც აღმოჩენილია ფრაგმენტი და ადამიანის ცხედარი, აქტიური სამუშაოების შედეგად მოხდა ეს ყველაფერი. მიმდინარეობს კონკრეტულ ლოკაციაზე დამატებითი მობილიზება, რათა უფრო მეტად გავაფართოოთ ძებნა-შველის არეალი. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებაზე საუბარი ნაადრევია", - განაცხადა მღებრიშვილმა.

შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა.

სამაშველო სამუშაოები სტიქიური უბედურებიდან სამ საათში დაიწყო.

ბოლო ცნობებით, სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი, ნაპოვნია 19-ის ცხედარი. ოფიციალური მონაცემებით, ეძებენ 15-ს, თუმცა დაზუსტებით იმის თქმა, რამდენი ადამიანი იყო იქ, შეუძლებელია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები