ახალი ამბები
გორი-კასპის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს გიორგი სოსიაშვილი იყრის - შუალედური არჩევნები
1 ოქტომბერს გორი-კასპის მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრის შუალედური არჩევნები გაიმართება.

,,ქართული ოცნების'' პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო ოლქში მმართველი გუნდის სახელით კენჭს გიორგი სოსიაშვილი იყრის.

კანდიდატური პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

გიორგი სოსიაშვილი გორის უნივერსიტეტის რექტორია, წელს ის რექტორად მეოთხედ აირჩიეს. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დაიბადა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში. დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა ისტორიის სპეციალობით.

,,გიორგი სოსიაშვილს აქვს მდიდარი პროფესიული გამოცდილება. წლების მანძილზე, ის ეწეოდა წარმატებულ ჟურნალისტურ, პედაგოგიურ, სამეცნიერო, ლიტერატურულ და პუბლიცისტურ საქმიანობას. დღემდე ის გახლავთ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნების" პროპორციული საარჩევნო სიით. გიორგი სოსიაშვილს გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, აგრეთვე მრავალი პროზაული კრებული და პუბლიცისტური სტატია. ბატონი გიორგი არის ოცამდე ჯილდოს მფლობელი, მათ შორის საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი. გიორგი სოსიაშვილი არის გორის საპატიო მოქალაქე. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ გიორგის.'' - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტი გახარიის პარტიის წევრმა, გორი-კასპის მაჟორიტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა დატოვა.

ცესკოს ცნობით, შუალედური/რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება გურჯაანშიც, სადაც მერს აირჩევენ. ჯამში ორივე არჩევნებზე 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

,,ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85.3% მიიღებს. დანარჩენ, 30 საარჩევნო უბანზე კი კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის",-განაცხადა პრეს-სპიკერმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები