ახალი ამბები
გორის მერიის ცნობით 19 აგვისტოდან გარემოვაჭრეები საქმიანობას ვეღარ შეძლებენ
გორის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 19 აგვისტოდან გარემოვაჭრეები გურამიშვილის ქუჩასა და ჭავჭავაძის გამზირზე საქმიანობას ვეღარ შეძლებენ.

ამის შესახებ განცხადება მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ადმინისტრაციის ცნობით, უკიდურესი ზომების მიღება ემსახურება ქალაქის იერსახის გაუმჯობესებასა და ანტისანიტარიის აღმოფხვრას.

როგორც მერიაში განმარტავენ, არსებობს ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნაც, რათა უკანონო საქმიანობა აიკრძალოს. კონტროლი ახლადშექმნილ მუნიციალურ ინსპექციას დაევალა, რადგან კეთილმოწყობის სააგენტომ მერიის გეგმა ვერ შეასრულა.

,,გორის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ბოლო პერიოდში რამდენჯერმე უკვე მოხდა გარემოვაჭრეების გაფრთხილება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა და ვაჭრობა განაგრძოთ კანონით გათვალისწინებულ ადგილებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება კანონით განსაზღვრული ღონისძიებები. მოგეხსენებათ, რომ გარე ვაჭრობით, გარდა კანონის დარღვევისა, მახინჯდება ქალაქის იერსახე, ჯანმრთელობის საფრთხე ექმნება მოსახლეობას, არის საშინელი ანტისანიტარია, ნაგვიანდება ქუჩები. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ადგილებში საქმიანობის გაგრძელება უკვე რამდენჯერმე შესთავაზა.'' - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები