ახალი ამბები
რინგზე 15 წლის აკაკი თედიაშვილის მიერ შექმნილმა სუმოისტმა რობოტმა გაიმარჯვა
გორში მცხოვრებმა, 15 წლის აკაკი თედიაშვილმა სუმოისტი რობოტი შექმნა, შემდეგ რინგზე გაიყვანა. ბრძოლაში აკაკის რობოტმა გაიმარჯვა.

STEM მიმართულებით შეჯიბრი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკში გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

ბანაკში აკაკი თედიაშვილი საკუთარი მოტივაციისა და სკოლა ,,თამარიონში" მიღებული გამოცდილების საფუძველზე კონკურსით წესით შეარჩიეს.



8 დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებების აქტუალურ საკითხებს; იმუშავეს არდუინოსა და პროგრამირებაზე; მოისმინეს სამეცნიერო-პოპულარული ლექციები ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიკაზე, ასევე ბიოქიმიასა და ასტროფიზიკაზე;

გაეცნენ სამეწარმეო და სტარტაპ მიდგომებს თანამედროვე ტექნოლოგიებში; ჩაატარეს სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტები; მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საინჟინრო შეჯიბრებაში.



,,პროექტში მონაწილეობის სურვილი წელს 2000-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, აპლიკაციების განხილვის საფუძველზე შეირჩა 150 მონაწილე. პროექტი განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ბაზაზე. მსოფლიო ბანკის მიერ, მათ სრულიად დაუფინანსდათ ბანაკში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.'' - აღნიშნავენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები