ახალი ამბები
,,ტირიფონის არხში წყალს 18-20 აგვისტოს გავუშვებთ'' - აცხადებენ ცხინვალში
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ცნობით, ტირიფონის არხში წყალს 18-20 აგვისტოს გაუშვებენ.

ამის შესახებ ცხინვალის ,,წყალკანალის'' სამსახურის ხელმძღვანელმა ივანე სიუკაევმა განაცხადა.

როგორც მან ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ მამისაანთუბანში (ერგნეთთან ახლოს). არხი მდინარე ლიახვიდან იღებს სათავეს.

"სამუშაოები სოფელ მამისანთას მიდამოში მიმდინარეობს. ჩვენი ამოცანაა საომარი მოქმედებების დროს აფეთქებული არხის ავარიული მონაკვეთის აღდგენა. ბეტონის გამაგრებას დრო სჭირდება. დაახლოებით 18-20 აგვისტოს შესაძლებელი იქნება წყლის გაშვება", - განაცხადა სიუკაევმა

არხის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის შესახებ ინფორმაცია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა სოფელ წინაგარაში ყოფნის დროს გააჟღერა. ის წინაგარელებს დაპირდა, რომ არხი მიმდინარე წლის ზაფხულში აღდგებოდა. არხის რეაბილიტაცია, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, 5 მლნ რუბლი ჯდება.

ცხინვალის ,,წყალკანალის'' ხელმძღვანელის გაანგარიშებით, აღდგენილი არხი წამში დაახლოებით 6-დან რვა კუბურ მეტრ წყალს გამოიმუშავებს.

როგორც ცხინვალის მედია იუწყება, სოფელ წინაგარაში წყალი თვეზე მეტია არა აქვთ, რადგან ის მცირე რაოდენობის წყალი, რომელიც ამ სოფლებში მიედინებოდა, სწორედ არხის გაუმართაობის გამო, დაწყდა:

სოფელ წინაგარის ხელმძღვანელის ნაირა ხუბულოვის ინფორმაციით, ტირიფონის არხით სარწყავი წყალი მიეწოდება ღდულეთს, წინაგარას და ნაწილობრივ ორჭოსანს.

იმისათვის, რომ წყალმა მიაღწიოს ორჭოსანსა და წინაგარას, უნდა გაიაროს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიც. ტირიფონის არხით სააზრდობს ასევე ნადარბაზევის ტბაც.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები