ახალი ამბები
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებული თანაცხოვრებაში მყოფ ქალს სურათებს ფარულად უღებდა:

,,ისინი ერთმანეთს პერიოდულად სოციალური ქსელებითა და სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების საშუალებით ეკონტაქტებოდნენ, რა დროსაც ბრალდებული შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს სურათებს ფარულად უღებდა და ე. წ "სქრინებს" კუთვნილ მობილურ ტელეფონში ინახავდა. დაზარალებულთან ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, ბრალდებულმა უკანონოდ მოპოვებული სურათებით ვიდეოკოლაჟი დაამზადა და იგი დაზარალებული ქალის ახლობლებს გადაუგზავნა.'' - წერია განცხადებაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულის მომართვის შემდეგ, მისი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ჩატარა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული მ.ა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით წარუდგინა.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები