ახალი ამბები
გორის ბაღიდან გაპარული ბავშვი კორპუსის კიბეებზე ცდილობდა ასვლას
გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე საბავშვო ბაღიდან ბავშვების გაპარვის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთი ბავშვის მშობელს გავესაუბრეთ. ის მაღალსართულიან კორპუსში ცხოვრობს და ამბობს, რომ მისი შვილი ბაღიდან ორჯერ გამოეპარათ.

ქალბატონი ,,ქართლის ამბებს"" უყვება, თუ როგორ გაიპარა მისი შვილი პირველად ბაგა-ბაღიდან, რაზეც პასუხისმგებლობა არც პედაგოგს და არც მის დირექტორს სოფო სისუაშვილს აუღია.

,,ჩემი შვილი არის ძალიან აქტიური და კომუნიკაბელური. მუდმივად სურს ბავშვებთან ურთიერთობა. ამიტომ გადავწყვიტე "სოფო ბებოს" ბაღში მიმეყვანა."-ამბობს მშობელი.

"ერთ დღესაც მივდივარ ბავშვის გამოსაყვანად და გზიდან დავინახე, რომ საპირისპირო მხარეს მოდის პატარა ბავშვი. გულში გამიელვა, რომ ეს ბავშვი ჩემს შვილს გავდა, თუმცა ვერ დავუშვი, რომ შეიძლებოდა ბავშვი ბაღიდან მარტო წამოსულიყო. ვიდრე მე ფაქტი გავიაზრე, ბავშვმა თავად მიცნო და ჩემკენ გამოიქცა. ხელში ავიყვანე და ისევ საბავშვო ბაღში მივბრუნდი, რომ გამეგო, რა მოხდა და ბავშვის ჩანთა წამომეღო სახლში. ამ დროს კი 5-6 წუთი გავიდა. ბაღში შევედი და მასწავლებელმა წაშლილი სახით რომ დამინახა, მე მკითხა-რა მოხდა? რა გჭირს?--ო. მან ისევ არ იცოდა, რომ ბაღიდან ბავშვი დაიკარგა. ამ ფაქტის შემდეგ, მე და ჩემი მეუღლე გავესაუბრეთ მასწავლებელსაც და სოფოსაც და კატეგორიულად გავაფრთხილეთ, რომ მსგავსი უყურადღებობა აღარ გამოევლინათ. მივიღეთ ათასი ბოდიში. მიუხედავად ამისა, მომხდარიდან ზუსტად 3 კვირაში იგივე განმეორდა." - იხსენებს მშობელი.

როგორც მშობელი ამბობს, 3 კვირის შემდეგ, 18 ივლისს ბაღიდან მის შვილთან ერთად ჯგუფელიც გაიპარა და ახლომდებარე სკვერში წავიდნენ სათამაშოდ.

"ამ დღეს ჩავდივარ ბაღში ისევ ბავშვის გამოსაყვანად, ეზოს კარი ღია დამხვდა. ჩემთვის უცნობ ასაკოვან ქალბატონს 3 ბავშვი ყავს ჩაბარებული, თან ტიროდა და ნერვიულობდა, ბაღიდან ბავშვები დაიკარგნენო. ვიკითხე ისევ ჩემი შვილი დაიკარგა-მეთქი? არ ვიცი, 2 ბავშვი დაიკარგაო. შეშინებულმა დავიწყე ტერიტორიის დათვალიერება. რა თქმა უნდა, ჩემი შვილი არსად იყო. გარეთ რომ გამოვედი, დავინახე მასწავლებელს ჩემი შვილი ხელში აყვანილი მოჰყავდა. ვკითხე ისევ ჩემი შვილი გაიპარა-მეთქი? "არა, არა სხვა ბავშვი"-ო და გააგრძელეს იმ ბავშვის ძებნა. მეორე დაკარგული ბავშვის დედამ დარეკა 112 ში. მოვიდა პატრულის 6-7 ეკიპაჟი. ამ დროს, როდესაც ბავშვს ეძებდნენ და ეძახდნენ, ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოიყვანა მეორე დაკარგული ბავშვი საბავშვო ბაღთან. პატრულის წასვლის შემდეგ, მეორე მშობელმა მოუბოდიშა ბაღის მფლობელს, რომ აფექტის მდგომარეობაში იყო და პატრული ამიტომ გამოიძახო." - ამბობს მშობელი და იხსენებს იმასაც, რომ სკვერში, სადაც მეორე ბავშვი იპოვეს, თავად წავიდა თვითმხილველების სანახავად.

" მას შემდეგ, რაც თვითმხილველებს გავესაუბრე, აღმოჩნდა, რომ ჩემი შვილი და მისი ჯგუფელი დაახლოებით 1 საათის განმავლობაში თამაშობდნენ სკვერში, შემდეგ სახლთან მისულა და მაღალ სართულზე რომ ვერ ამოვიდა, ისევ ბაღში დაბრუნდა, ამ დროს მასწავლებელი შეხვდა, ხელში აიყვანა და საბავშვო ბაღში დააბრუნა. ამის შემდეგ სკვერში იპოვეს მეორე დაკარგული ბავშვიც. ეს ფაქტი მეორე მშობელმა დამალა, თავის თავზე დაიბრალა, რომ თითქოს ბავშვი ბაღიდან კი არ დაიკარგა, არამედ მას გაეპარა."- იხსენებს ჩვენი რესპონდენტი.

მას შემდეგ, რაც ბავშვის დაკარგვის ფაქტის შესახებ, სოციალური ქსელის მეოშვეობით სხვადასხვა ჯგუფში დაწერა, დაუკავშირდა ბაღის სოფო სისუაშვილი და სთხოვა, რომ პოსტი წაეშალა და ბავშვი მის ბაღში დაებრუნებინა, რაზეც უარი მიიღო.

"როდესაც ფეისბუქზე გამოვაქვეყნე ბავშვის დაკარგვის ამბავი, ძალიან ბევრმა მომწერა პირად შეტყობინებაში, რომ "სოფო ბებოს" ბაღში ბავშვებზე ძალადობის ფაქტიც ყოფილა. სამწუხაროდ ამ ადამიანებს ამ ამბის გახმაურება არ სურთ და ჩუმად არიან. მომხდარზე პასუხს არავინ სთხოვს, ამიტომ აქვთ დაუსჯელობის სინდრომი"ამბობს ბავშვის მშობელი.

ბავშვის დედა ცდილობს დაუკავშირდეს ვინმეს, ვისაც შეუძლია კერძო ბაღებში არსებული მძიმე მდგომარეობა გააკონტროლოს, თუმცა უშედეგოდ.

"ამ საკითხში გამოუცდელი ვარ. არც მქონია მსგავს საქმესთან შეხება და გზადაგზა ვცდილობ გავარკვიო, ვის ეხება კერძო ბაღების საქმე რეგიონებში. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვისაც მივმართე ყველა თავიდან მიშორებს ტექსტით, რომ მათ ეს არ ეხებათ. მივმართე გორის მერიას. ასევე მივმართე, ბაღების გაერთიანებას და მათ თქვეს, რომ კერძო ბაღები არ ეხებათ და ეხებათ მხოლოდ საჯარო ბაღები. შემდეგ მითხრეს, რომ მიმემართა განათლების სამინისტროსთვის. იქაც დავრეკე და მითხრეს, რომ მომავალში, როდესაც კერძო ბაღებიც გაივლიან აკრედიტაციას, შემდგომში შეეხებათ. თუმცა აქამდე რაც მოხდა და დაფიქსირდა, ეს არავის არ ეხებოდა. შემდეგ ხარისხის მართვის ცენტრში დავრეკე, საიდანაც ჯანდაცვის სამინისტროში გადამამისამართეს. მოკლედ უამრავ ადგილას გადამამისამართეს და ერთადერთი რაც გავარკვიე ის არის, რომ ამ ბაღს არ აქვს არც ლიცენზია და არც აკრედიტაცია, უბრალოდ შემოსავლების სამსახურშია დარეგისტრირებული, რომ ეს ბიზნესი აწარმოოს და იმის იქით მისი გამკონტროლებელი ადამიანი არ არსებობს დედამიწის ზურგზე. წლების მერე, რომ გაივლის ბაღი აკრედიტაციას და მერე გააკონტროლებენ, ეს არ მაინტერესებს. იმიტომ, რომ უკვე დაფიქსირდა ძალიან ცუდი ფაქტი, რაზეც პასუხი არავინ არ აგო. არსებობს დაუსჯელობის სინდრომი. ამ ქალს არ ეშინია არავისი და აქედან გამომდინარე საერთოდ არ იღებენ პასუხისმგებლობას სხვისი შვილების სიცოცხლეზე."-წუხს ბავშვის დედა.

საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი სოფო სისუაშვილი ,,ქართლის ამბებთან'' საუბრისას აცხადებს: "ფაქტს არც ვადასტურებ და არც უარვყოფ. ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ."-აღნიშნა სოფო სისუაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები