ახალი ამბები
ენტეროვირუსი თუ დაბინძურებული წყალი ფანტანში? - რას უკავშირებენ კასპში ბავშვების მოწამვლის ფაქტებს
სამოქალაქო აქტივისტის, ირაკლი მილაძის განცხადებით, კასპის ფანტანში წყლის ცირკულაცია არ ხდება. დაბინძურებული წყლით კი ბავშვები იწამლებიან.

მილაძემ პოსტი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.

მისი განცხადებით, კასპის საავადმყოფოში დაახლოებით 40-მდე ბავშვი მოწამვლის სიმპტომებით შეიყვანეს. ბავშვების მოწამვლას სწორედ ამ ფაქტს, დაბინძურებულ წყალს უკავშირებს.

,,12 აგვისტოს კასპის ცენტრში პირველად გაიხსნა ფანტანი და გახარებული ბავშვებიც დიდი სიხარულით გრილდებოდნენ. 5 დღის განმავლობაში ყველა მოწამლული არასრულწლოვანი პირღებინების და თავის ტკივილის სიმპტომით შეიყვანეს კასპის საავადმყოფოში. არსებული ინფორმაციით, ფანტანში ერთი და იგივე წყალი ტრიალებს, რაც ბაქტერიების გავრცელებას უწყობს ხელს. ბოლო მონაცემებით 4 არასრულწლოვანი კიდევ რჩება საავადმყოფოში, ხოლო ხუთს გადასხმა გაუკეთეს და ახლახანს გაწერეს.'' - აცხადებს ირაკლი მილაძე.

კასპის კლინიკა მედალფას პედიატრი ,,ქართლის ამბებთან'' საუბარში აცხადებს, რომ ბავშვებში მასიურად გავრცელებულია ენტეროვირუსი, ასევე, ცხელი ზაფხულის პირობებში მომატებულია ინტოკსიკაციის შემთხვევები, რაც საკვების არაჯეროვნად შენახვასთანაა დაკავშირებული:

,,მე შემიძლია გითხრათ დღევანდელი მონაცემები. იყო შემოყვანილი 6 ბავშვი, აქედან 5 ბავშვს აღენიშნებოდა საკვებისმიერი ინტოკსიკაცია. ერთმა ბავშვმა და მისმა მშობელმა თქვეს, რომ პირღებინა დაეწყოთ კატლელის ჭამის შემდეგ. ეს დღევანდელი მონაცემებია, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება ფანტანს და არც მშობლებს განუცხადებიათ ამის შესახებ. ზოგაგად, აგვისტოს თვეს დამახასიათებელი ბავშვებში ინტოკსიკაციის შემთხვევები. რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, ძალიან ბევრი შემთხვევაა ენტეროვირუსის.'' - განაცხადა პედიატრმა.

კასპის მედალფას კლინიკინაში დღეს მიყვანილ ბავშვებს შორის, ერთ-ერთო ბოლო პაციენტი დაახლოებით 22 საათზე გაწერეს.

ფანტანზე იმყოფებოდა კასპის მერი ვახტან მაისურაძე, რომელთან გასაუბრებაც მოვახერხეთ. მისი თქმით, სრული დეზიფორმაციაა, რაც სამოქალაქო აქტივისტმა გაავრცელა: ,, მისი მიზანია, რომ მოახდინონ ამ კარგი პროექტის დისკრედიტაცია. ყოველდღიურად წყალი იცვლება და ფანტანი მოწმდება კიდეც'' - აცხადებს ვახტანგ მაისურაძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები