ახალი ამბები
მთავრობა აპირებს, რომ ,,განახლებული რეგიონების'' პროექტის მიმართ მოსახლეობაში პოზიტიური განწყობა აამაღლოს
მთავრობა აპირებს, რომ მოსახლეობაში აამაღლოს პოზიტიური განწყობა პროექტის ,,განახლებული რეგიონების მიმართ'', რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

ამის თაობაზე ვიდეორგოლების მომზადება იწყება, რომელშიც 190 000 ლარი დაიხარჯება. ვიდეორგოლებში წარმოდგენილი იქნება შიდა ქართლის ოთხივე ქალაქში მიმდინარე პროცესებიც.

მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ ჩატარებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემდეგ არაერთ მუნიციპალიტეტში გამოვლენდა როგორც ვანდალიზმის, ისე ახლად მოწყობილი ინფრასტრუქტურის არასათანადო მოპყრობის ფაქტები.

,,სატელევიზიო ვიდეო რგოლმა უნდა გააჩინოს მოქალაქეების საცხოვრებელ დასახლებებში მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება. მათი აზრით, ვიდეო რგოლები ხელს შეუწყობს ამ ინფრასტრუქტურის მოვლასა და პატრონობაში მათი ჩართულობის აუცილებლობის გაცნობიერებას. რაც ყველაზე მეტად ხაზგასასმელია, აუცილებელია კამპანია წარიმართოს შემჭიდროვებულ ვადებში, იმისათვის, რომ მათი მნიშვნელობის და სარგებლის შესახებ ინფორმირებულობამ დროულად იქონიოს პოზიტიური გავლენა საზოგადოების ქცევაზე და ხელი შეუწყოს შესაბამისი დამოკიდებულების გაჩენას. '' - აღნიშნავენ ფონდში.

მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლების აზრით, მოსახლეობაში პოზიტიური განწყობის ამაღლება შესაძლებელია მხოლოდ აქტიური საკომუნიკაციო კამპანიით.

,,ყველაზე ეფექტურია სატელევიზიო სარეკლამო რგოლი, რომლის კონცეფცია აგებული იქნება ახალი ურბანული სივრცეების სარგებელისა და შესაძლებლობების წარმოჩენაზე, მოსახლეობის სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ცხოვრების გაუმჯობესების თვალსაზრისით. სატელევიზიო ვიდეო რგოლმა უნდა გააჩინოს მოქალაქეების საცხოვრებელ დასახლებებში მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება და ხელი შეუწყოს ამ ინფრასტრუქტურის მოვლასა და პატრონობაში მათი ჩართულობის აუცილებლობის გაცნობიერებას.'' - აღნიშნავენ მუნიციპალურ ფონდში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები