ახალი ამბები
გრაკლის ჭაბურღილი, რომელშიც 400 000 ლარი გადაიხადეს
ასე გამოიყურება სოფელ გრაკლის სიახლოვეს ჭაბურღილი, რომლის მშენებლობა 356 000 ლარი დაჯდა, ხოლო პროექტირება 42 000 ლარი.

ჯამში 400 000 ლარი გადაირიცხა ბიუჯეტიდან. სულ გათვალისწინებული იყო 700 000 ლარი.

გრაკლის სასმელი წყლის პროექტის განხორციელება 2022 წლის დასაწყისში დაიწყო.

,,,დღეისათვის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკალის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლით არ მიეწოდება. საჭიროა ახალი ჭაბურღილის, სატუმბო სადგურის, მიმწოდებელი მაგისტრალისა და სამარაგო რეზერვუარის მოწყობა და მისი არსებულ ქსელზე დაერთება.'' - ასეთი იყო მიზანი, რომლის მიღწევა დაისახა კასპის მერიამ.

,,ვერ წარმოედგინათ, რომ მტკვრის პირზე წყალი არ ამოვიდოდა'' - ამბობს კასპის მერი ვახტან მაისურაძე.

რა მოხდა გრაკალში? რატომ დაიხარჯა თანხა ისე, რომ რისკები არ იყო გათვალსწინებული? 2014 წლის მონაცემებით, გრაკალში ცხოვრობს 225 მოსახლე ცხოვრობს.

კომპანია ,,თექ ჰაივეის'' წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მან ჭაბურღილი იმ ადგილას გააკეთა, სადაც პროექტის მიხედვით, დაავალეს. პროექტი კი კომპანია ,,ჰიდრამ'' მოამზადა. კასპის მერიაში აღნიშნეს, რომ ,,თექ ჰაივეის'' შეცდომა განპირობებული იყო კომპანია ,,ჰიდრას'' მიერ მომზადებული პროექტით.

კომპანია ,,ჰიდრამ'' კასპის მერიას აცნობა, რომ საქართველოში ჰიდროგეოლოგიური მიმართულება (რის საფუძველზეც შედგენილია ჰიდროგეოლოგიური რუკები) შესწავლილია წინა საუკუნის 50-80 წლებში, რის შედეგადაც, სტატისტიკურად, სხვადასხვა ტერიტორიაზე მოწყობილი ჭაბურღილებისათვის საექსპლუატაციოდ საკმარისი დებეტი მიიღება 70-90 % შემთხვევაში.

კომპანია ,,ჰიდრა'' არ იზიარებს მერიის პოზიციას. უფრო მეტიც, პროექტის ავტორმა აღნიშნა, რომ ჭაბურღილის მოწყობისათვის საჭირო ჰიდროლოგიური კვლევები სრულდებოდა ჰიდროგეოლოგის მიერ არსებული ჰიდროგეოლოგიური რუკების, საარქივო მასალების, ადგილის დათვალიერების საფუძველზე, რის შედეგადაც შედგენილი დასკვნა იყო სავარაუდო და აღნიშნული დასკვნით მოწყობილ ჭაბურღილს ეწოდებოდა საცდელსაექსპლუატაციო, ხოლო გარანტიას სავარაუდო დებეტის მიღებაზე არ იძლეოდა არც ჰიდროგეოლოგი და შესაბამისად არც მიმწოდებელი.

იმ დროს, როდესაც გრაკალში გაკეთებულ ჭაბურღილიდან წყალი არ ამოვიდა, შპს "ჰიდრამ", საკუთარი ხარჯებით ჩაატარა ალტერნატიულ ადგილზე ბურღვითი სამუშაოები.

კომპანია ,,ჰიდრა'' არც ამ პოზიციას იზიარებს, რადგან მისი მონაცემებით, გრაკალში გაკეთებული მეორე ჭაბურღილიდან საათში ამოდის 2,5 კბ წყალი. კასპის მერია კი საათში 5,8 კბ წყალს ელოდებოდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომპანია ,,ჰიდრა'' სვარაუდო მცდარ კოორდინატებს უკავშირებს გასული საუკუნის 50-80 წწ-ში შედგენილ რუკებს, რომლითაც საქართველოში დღეს კვლავაც სარგებლობენ. კომპანიას ,,ჰიდრას'' თანხა სრულად ჩაერიცხა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები