ახალი ამბები
როდის გაამაგრებენ გზას ვაყაში? - ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში მდინარე ჭერათხევზე მეწყრული პროცესების შედეგად, ჩანგრეულია გზა.

მერიის ცნობით, გამოცხადებულია ტენდერი, რომელშიც გამარჯვებული უახლოეს ორ კვირაში გახდება ცნობილი.

პროექტის მიხედვით, იგეგმება ნაპირამცავი ნაგებობების გაკეთება, რაშიც დაახლოებით 450 000 ლარი დაიხარჯება. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერი წარმატებით ჩატარდა, სამუშაოები დაახლოებით 6 თვეში დასრულდება.

სოფელში მეწყრული პროცესები ჯერ კიდევ 2018 წელს შეინიშნებოდა. თუმცა, წლების განმავლობაში, ყურადღება არავინ მიაქცია და გზა საბოლოოდ ჩაინგრა.

გზის გაღმა რამდენიმე ოჯახია დარჩენილი, რომლის მოსახლეობა მხოლოდ ბილიკით სარგებლობს.

,,გირჩი მეტი თავისუფლებისთვის'' წარმომადგენელმა ნიკა მოსიაშვილმა ჯერ კიდევ 12 აგვისტოს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის დეტალურად საუბრობს, თუ რა საფრთხის წინაშე დგას მოსახლეობა.

მოსიაშვილის თქმით, მოსახლეობას საფრთხეს უქმნის თვით ის ბილიკიც, რომელიც დროებითაა გადარჩენილი, თუმცა მასაც ჩანგრევა ემუქრება.

ნიკა მოსიაშვილი წარმოშობით სოფელ ვაყიდანაა. მასთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები აცხადებს, რომ დღისით და ღამით მოსვენებას არ აძლევეს იმაზე ფიქრი, რომ გზა ამ მდგომარეობაშია:

იგი ყოველდღიურად ნერვიულობს იმაზე, რომ ბავშვი არ გაიპაროს სახლიდან და ამ ხევის სიახლოვეს არ აღმოჩდნეს.

ჭერათხევზე არსებული საკითხით გარემოს ეროვნული სააგენტოც დაინტერესდა. 2023 წლის გაზაფხულზე მათ მოამზადეს დასკვნა, რომელიც მერიას გადაუგზავნეს:

,,არსებობს საშიშროება მდინარემ გამოურეცხოს ძირი მეწყერის შედეგეგად წარმოქმნილ ეროზიულ-მეწყრულ ფლატეს და უფრო ფართოდ გავრცელდეს მეწყრული პროცესები.'' - აღნიშნულია დასკვნაში.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები