ახალი ამბები
შვებულება თუ პროტესტი კანდიდატის მიმართ? - გორში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
,,შვებულებაში ვარ, არსად წასვლას არ ვაპირებ''- განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ აბიკო აბესაძემ.

ის სამხარეო ადმინისტრაციაში არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც ,,ქართულმა ოცნებამ'' გორი-კასპის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად გიორგი სოსიაშვილი წარადგინა.

არაოფიციალური ინფორმაციით, მაჟორიტარ კანდიდატად სწორედ აბიკო აბესაძე მოიაზრდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, გადაწყვეტილებით უკმაყოფილო აბესაძემ თანამდებობა დატოვა.

,,თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია არასწორია. ორი კვირა მაქვს შვებულება და დავბრუნდები'' - განაცხადება აბიკო აბესაძემ.

1 ოქტომბერს გორი-კასპის მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრის შუალედური არჩევნები გაიმართება.

,,ქართული ოცნების'' პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო ოლქში მმართველი გუნდის სახელით კენჭს გიორგი სოსიაშვილი იყრის.

კანდიდატური პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 14 აგვისტოს წარადგინა.

გიორგი სოსიაშვილმა უკვე შექმნა ფეისბუქის გვერდი, სადაც მოქალაქეები კანდიდატის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობიან.

გიორგი სოსიაშვილი გორის უნივერსიტეტის რექტორია, წელს ის რექტორად მეოთხედ აირჩიეს. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დაიბადა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში. დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა ისტორიის სპეციალობით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები