ახალი ამბები
დე-ფაქტო ხელისუფლებამ ახალუბნელი მწყემსები 1-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა
ახალუბანში რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

გათავისუფლებულები არიან მწყემსები: თამაზ ფსიტიძე და ზურაბ პეტრიაშვილი, რომლებიც სოფელ ახალუბანში ცხოვრობენ. რუსეთის სამხედროებმა ისინი გუშინ დააკავეს.

,,აღნიშნული პირების უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“ და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM). საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით.'' - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები