ახალი ამბები
სადგურ მეტეხის დასახლებაში მოსახლეობას ქათმის ახალი ფერმის სუნი აწუხებს
,,გაუსაძლისი სუნია. გარეთ ვერ დადგები, სახლში ფანჯრებს ვერ გააღებ'' - გვითხრეს სადგურ მეტეხის დასახლებაში, რომლის მოსახლეობას ქათმის ახალი ფერმის სუნი აწუხებს.

მძიმე ვითარებაა კასპის მუნიციპალიტეტში, მეტეხი-კასპის საავტომობილო გზაზეც, სადაც უსიამოვნო სუნი გზაზეც კი აღწევს:

,,ცოტა ხანს ვიდექით გარეთ, ბავშვები თამაშობდნენ, ჩვენც გარეთ ვისხედით. ცუდად გავხდით, ძალიან საშინელი სიტუაციაა'' - ამბობენ ადგილობრივები.

სოფელ მეტეხის სიახლოვეს ფერმის მშენებლობა 2022 წელს დაიგეგმა. მიწა სახელმწიფო საკუთრებაა. შედგა გარემოსდაცვითი სკოპინგის ანგარიშიც, რომელიც ოფიციალურად გამოქვეყნებულიცაა.

ამ ანგარიშის მიხედვით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. მეტეხთან ფერმა შპს „ჯი პი პი“-ს ააშენა. ახალი მეფრინველეობის ფერმა გათვალისწინებულია 1 მლნ 800 000 ფრთაზე.

ანგარიშის მიხედვით, უახლოესი საცხოვრებელი სახლის დაცილების უმოკლესი მანძილი 280 მ-ია. თუმცა, რისკები ვერ დაინახეს:

,,აქედან გამომდინარე ადვილად სავარაუდოა, დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები საცხოვრებელ სახლებთან არც ამ შემთხვევაში იქნება მაღალი. შესაბამისად მეფრინველეობის ახალი ფერმის ექსპლუატაციის პროცესში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე ნეგატიური ზემოქმედების რისკები იქნება დაბალი მნიშვნელობის. განსაკუთრებული შერბილების ღონისძიებების გატარება საჭირო არ არის.'' - წერია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, საფრინველეებში ფრინველის გამოზრდის ყოველი ციკლის დამთავრების შემდეგ საგების (ნახერხისა და სკორეს ნარევი) გატანა უნდა მომხდარიყო დაუყოვნებლივ და მისი ტერიტორიაზე დასაწყობება დაგეგმილი არ იყო:

,,ამასთანავე სუნის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოყენებული იქნება საერთაშორისო სტანდარტებით (HACP) გათვალისწინებული სადეზინფექციო საშუალებები. HACP-ის სტანდარტები იძლევა იმის გარანტიას, რომ საწარმოო ციკლი იქნება დახურული და საქმიანობა შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით არ იქნება დაკავშირებული უსიამოვნო სუნის გავრცელებასთან'' - წერია ანგარიშში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები