ახალი ამბები
გორის სასამართლომ მოზარდის მამას ალიმენტის სახით 1000 ლარი დააკისრა
გორის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოზარდის სასარგებლოდ, მამას 1000 ლარი ალიმენტის სახით, დაეკისრა.

მამის ადვოკატი კი, ალიმენტის სახით 300 ლარის დაკისრებას ითხოვდა.

მამის ადვოკატის განცხადებით, მამა საზღვარგარეთ მუშაობს და არასტაბილური შემოსავალი აქვს. მისი აზრით, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მოპასუხისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობა. ვინაიდან, ორივე მშობელს აქვს ბავშვის რჩენის ვალდებულება. დედასაც აქვს შემოსავალი, რისი გათვალისწინებითაც მამას არ უნდა დაკისრებოდა ალიმენტი 1000 ლარის ოდენობით.

მოსამართლემ განმარტა, რომ არასტაბილური შემოსავალი ვერ დადგინდა, ხოლო საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.

მოსამართლის შეფასებით, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.

,,ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას' - აღნიშნა მოსამართლემ.

ამასთან, სასამართლოს შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკიც, კერძოდ, არასრულწლოვანი არის 10 წლამდე ასაკის, შესაბამისად, მას მცირეწლოვან ბავშვებთან შედარებით მომეტებული საჭიროებები გააჩნია, ასაკის ზრდასთან ერთად კი, კიდევ უფრო იზრდება მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯიც.

სასამართლომ არ გაიზიარა მამის პრეტენზიას, რომ დედას თავადაც აქვს შემოსავალი, რისი გათვალისწინებითაც მამას ალიმენტი ნაკლები ოდენობით უნდა დაკისრებოდა.

,,სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც წესი, იმ მშობლის მიერ გაწეული ხარჯები, რომელთანაც ბავშვები მუდმივად ცხოვრობენ, გაცილებით მეტია, იგი მოიცავს ბავშვის სწავლა-განათლებისათვის, ჯანმრთელობისთვის, კვებისთვის, ჰიგიენისთვის, სოციალური აქტივობებისთვის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოქმედებებისთვის გაწეულ ხარჯებს, ამას ემატება ის მორალური თუ ემოციური მხარდაჭერაც, რაც როგორც წესი მეტი აქვს იმ მშობელს, ვისთანაც ბავშვები განქორწინების შემდგომ, მუდმივად ცხოვრობენ, აღნიშნული კი კომპენსირებული უნდა იყოს მეორე მშობლის მიერ გონივრული ფულადი დახმარებით'' - განაცხადა სასამართლომ.

,,არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის შემცირების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი ვერ იქნება ბავშვის აუცილებელი საჭიროებები და მის აღზრდა-განვითარებას შეექმნება საფრთხე.'' - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები