ახალი ამბები
,,ვერ წარმომედგინა, რომ მეკარე გავხდებოდი, თავდამსხმელი ვიყავი'' - გიორგი ბიბილური ქვემო არცევიდან


27 წლის გიორგი ბიბილური სოფელ ქვემო არცევში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ, გორში მისი სტენსილი გაკეთდა. არის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდის საუკეთესო მეკარე. თამაშობს როგორც ,,დილას'' ბაზაზე შექმნილ გუნდში, ასევე საქართველოს ნაკრებში.

ოქტომბერში ჩემპიონთა ლიგაზე იღებს მონაწილეობას, რომელიც ესპანეთში ტარდება.

გიორგი სპორტით ბავშვობიდან დაინტერესდა, თუმცა ამპუტირებული ხელის გამო, უმაღლეს ლიგაში თამაში ვერ შეძლო.



"ხელი ბავშვობიდანვე არ მქონდა, ასეთი დავიბადე. როგორც სხვა ბავშვები თამაშობდნენ, მეც მათთან ერთად ვერთობოდი ყოველთვის. გული მტკიოდა, როდესაც მარტო ვრჩებოდი ჩემს თავთან, მხოლოდ ეს მომენტი იყო. ალბათ ეს უფრო ბავშვური გულისტკივილი იყო, რომ ვერ არ ვიცოდი, რა მჭირდა."-ამბობს გიორგი ბიბილური.​

თავდაპირველად საფეხბურთო აკადემიაში მივიდა, თავდამსხმელი იყო. ფიქრობდა პროფესიულ ფეხბურთელი გამხდარიყო, თუმცა უთხრეს, რომ მისგან თავდამსხმელი არ გამოვიდოდა, სწორედ, ხელის გამო.

,,აკადემიაში რომ დავიწყე სიარული, თავდამსხმელი ვიყავი. მითხრეს, რომ უმაღლეს ლიგაში პრობლემები შემექმნებოდა. ძალიან გული დამწყდა. როგორც იქნა გადავლახე ეს მდგომარეობა. მალევე დამიკავშირდნენ გორიდან, ფეხბურთის მაშინდელი რეგიონალური ფედერაციის ხელმძღვანელი გია რევაზიშვილი, რომელმაც მითხრა, რომ ყალიბდებოდა ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი და მეც იქ უნდა ყოფილიყავი. გია რევაზიშვილის წყალობით აღმოვჩნდი ამ გუნდში. როცა მითხრეს, რომ მეკარე უნდა ვყოფილიყავი, ესეც წარმოუდგენელი იყო მაშინ ჩემთვის. მე თავდამსხმელი ვიყავი. მაგრამ ჩემი მონდომებიდან გამომდინარე დღეს ასეთი შედეგები მაქვს.'' - ამბობს გიორგი ბიბილური.

შშმ ფეხბურთელთა გუნდის ჩამოყალიბებამდე, გიორგის გაუჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ ის ფეხბურთს პროფესიულ დონეზე ვეღარ ითამაშებდა. საბედნიეროდ მალე გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც გიორგი და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები გააერთიანეს და საფეხბურთო კლუბი ჩამოაყალიბეს.



გიორგი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვემო არცევში გაიზარდა. ამბობს, რომ სპორტის გარდა, სოფლის საქმეებიც იტაცებს და ყველაფერს აკეთებს, რაც სოფლის მეურნეობისთვის არის საჭირო, რაც როგორც თავად ამბობს, მისი პაპის დამსახურებაა.


"მომყავს კარტოფილი, მალინა მაქვს გაშენებული, ვაშლის ბაღები მაქვს გაშენებული. ფერმა მქონდა და დღეს აღარ მაქვს იმიტომ, რომ ისეთი შემოსავლიანი არ იყო. მიყვარდა პაპასთან ერთად სიარული და გვერდიდან რომ არ ვშორდებოდი, პატარა ბარი გამიკეთა. ერთხელ პაპა ბაღში ბარავდა, მეც გვერდით დავუდექი და ის გავაკეთე, რასაც პაპა აკეთებდა. გაუკვირდა და მას შემდეგ გვერდიდან არ ვშორდებოდი. მართლა არ ეგონა, რომ მე ამას შევძლებდი და ასე ვიტყოდი, რომ მე ეს ყველაფერი ადვილად გადავლახე, რაც ოჯახის წევრების დამსახურებაა. პაპას უნდოდა, რომ ფიზიკურად ვყოფილიყავი ძლიერი. არც მიმაჩნია ჩემი თავი სუსტ ადამიანად"- გვიყვება გიორგი ბიბილური.



მას შემდეგ, რაც გიორგი ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბის წევრი გახდა, მის ცხოვრებაში ბევრი კარიერული წარმატება მოვიდა. ამბობს, რომ წარმატება მისი თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების დამსახურებაა.

"როდესაც საუკეთესო მეკარედ დამასახელეს, თასი გადმოგვცეს. ამის შემდეგ, რამოდენიმე წელი, მე მასახელებდნენ საუკეთესო მეკარედ. ამას მოჰყვა მედლები, რომელიც ჩემს გუნდთან ერთად მოვიპოვეთ. პირველი ადგილი, მეორე, მესამე ადგილი და ყველაზე დიდ წარმატებას წელს მივაღწიეთ, ყველაფერი ერთად მოვიგეთ. ახლა ჩემს გუნდთან ერთად, ჩემპიონთა ლიგაზე ვიღებ მონაწილეობას. ოქტომბერში გავემგზავრებით ესპანეთში. ჩემი მონდომებიდან და ჩემი ვარჯიშებიდან გამომდინარე, ნაკრებშიც ძირითადის მეკარე ვარ და "გორის დილაშიც". გუნდთან ერთად, ხშირად გავდივართ ევროტურნირებზე. ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად, მსოფლიო შესარჩევზე."- გვიხსნის გიორგი ბიბილური და ამბობს, რომ შეუძლებელი არაფერია თუ საკუთარ თავს დავაჯერებთ, რომ სრულფასოვანი ადამიანები ვართ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები