ახალი ამბები
საღოლაშენში წყალი მრიცხველებიდან ჟონავს - ახალი ჭაბურღილის ავზი კი 15 საათში ივსება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში სასმელი წყლის პროექტი დასრულდა, თუმცა 50 ტონიანი ავზის ავსებას 15 საათი ჭირდება.

ფოტოები სწორედ მაშინ არის გადაღებული, როდესაც სამუშაოები დაიწყო. პრეს-სამსახური მოსახლეობას არწმუნებდა, რომ სოფელში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდებოდა.

როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, რატომ არ ამოდის წყალი ჭაბურღილიდან, ამ ეტაპზე ზუსტი მიზეზი გაურკვეველია:

,,თავიდან ჭაბურღილის მოტორს აბრალდებდნენ, მერე გამოცვალეს მოტორი, მაგრამ მაინც გვიან ივსება ავზი. 50 ტონიანი ავზია, 4 საათში უნდა ივსებოდეს და 15 საათი უნდება.'' - გვითხრეს ადგილობრივებმა.

ამას ისიც ემატება, რომ ავსებული ავზიდან მიწოდებული წყალი მოსახლეობამდე მაინც ვერ მიდის:

,,ეს მრიცხველებიც ისე დაამონტაჟეს, რომ ზოგი მიწის ზევითაა, ზოგს თავსახური არა აქვს. ზოგი რანაირია, ვერ ვიგებ. გამოუშვეს წყალი საცდელად, მაგრამ წყალი მრიცხველებიდან ხეთქავს. ეს რანაირი გაკეთებულია, ვერ ვხვდები'' - გვითხრეს საღოლაშენში.

ქარელის მერიაში ადასტურებენ, რომ საღოლაშენში ჭაბურღილი გაკეთდა, მაგრამ კომპანიამ სამუშაოები ბოლომდე არ დაასრულა და მიატოვა ობიექტი:

,,არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ ემუშავა ჭაბურღილს, რათა ამორეცხილიყო ჭაბურღილი, ასევე, გაგვეგო წყლის დებეტის რაოდენობის შესახებ, არ მომხდარა'' - აღნიშნულია მოხსენებით ბარათში, რომელიც კომპანიას მერიამ გაუგზავნა.

მერია ცდილობს, რომ ზედმეტად გადახდილი თანხა უკან ამოიღოს, შემდეგ კი, ახალი სამუშაოები ჩაატაროს.

ზოგადად, 2022 წელს ქარელის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: ზემო ხვედურეთში, საღოლაშენსა და თამარაშენში სასმელი წყლის პროექტები ჩავარდა.

კომპანიას, რომელმაც სამუშაოები 2022 წლის მარტში დაიწყო, ერთი წლის შემდეგაც ეძებდნენ. პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ ლარს შეადგენდა. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული დოკუმენტების მიხედვით, სამივე პროექტზე კომპანიას ჩაირცხული აქვს თითქმის 1,4 მლნ ლარი.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია არის ,,თექ ჰაივეი'' . მას სამუშაოები 2022 წლის ივლისში უნდა დაესრულებინა, თუმცა, როგორც ქარელის მერის ზაზა გულიაშვილის წერილებიდან ირკვევა, ვადაგადაცილება თითქმის 340 დღეს შეადგენს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები