ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2014-2023 წლებში საქართველოს საჯარო
უწყებებმა შპს ჯეო-პარკისგან 17 მილიონი ლარის ღირებულების რუსული
წარმოების ტრენაჟორები შეიძინეს.
შემსყიდველთა შორის გორის მუნიციპალიტეტის მერიაც დასახელდა.
ამავე ორგანიზაციის ცნობით, რუსული ტრენაჟორების შესყიდვა წელსაც
გრძელდება:
,,უშუალოდ გორის მერიამ ტრენაჟორების შესაძენად 2023 წლის ივნისში ჯეო
პარკთან 134,831 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. 51,652
ლარი დახარჯა ქარელის მერიამ სოფელი მოხისისა და კნოლევისთვის რუსული
ტრენაჟორების შესაძენად.'' - აღნიშნულია ორგანიზაციის
განცხადებაში.
ფლანგვის დეტექტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის შემთხვევაში, შესყიდვაში
პირდაპირ არის მითითება, რომ ტრენაჟორების შეძენა დევნილთა
დასახლებისთვის ხდებოდა.
,,შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც სწორედ რუსეთის აგრესიის შედეგად
გახდნენ დევნილები, ქარელის მერიამ სავარჯიშო სივრცე რუსული
ტრენაჟორებით მოუწყო.'' - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
,,ქართლის ამბებმა'' შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გადაამოწმა
აღნიშნული ინფორმაცია. თუკი რამდენიმე წლის წინ, კომპანია ოფიციალურად
აქვეყნებდა დოკუმენტებს ტრენაჟორების წარმომავლობის შესახებ, ამჯერად,
შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ტრენაჟორების წარმომავლობის
შესახებ მონაცემები აღარ ქვეყნდება.
სტატიის გამოყენების პირობები