ახალი ამბები
,,მინდა, ვუჩივლო მელიორაციის სამსახურს'' - უწყლოობა მეჯვრისხევში
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებ ტარიელ გურგენიძეს საქართველოს მელიორაციის სამსახურის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყება სურს.

ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნდა.

ტარიელ გურგენიძეს სოფელში მეურნეობა აქვს გაშენებული. რამდენიმე კვირაა აცხადებდა, რომ სოფელში სარწყავი წყალი არ არის.

,,მივმართავ ადვოკატებს, ვისაც აქვს გამოცდილება სოფლის მეურნეობაში წარმოშობილი ათეულ ათასობით ფინანსური ზარალისათვის / ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში მელიორაციის სამსახურის უპასუხისმგებლობის გამო/ სამართლებრივი დავის წარმოებაში, დამიკავშირდნენ დეტალების გასარკვევად, ვინაიდან თუ არ შეიქმნა ერთხელ მაინც პრეცენდენტი იმისა, რომ დამნაშავემ ამ სფეროში სათანადო პასუხიც უნდა აგოს, კიდევ უფრო განადგურდება ჩვენს ქვეყანაში უკვე ისედაც დაქცეული სოფლის მეურნეობა'' - აცხადებს ტარიელ გურგენიძე.

რამდენიმე დღის წინ ტარიელ გურგენიძემ საზოგადოებას აცნობა, რომ თვეობით უწყლოობის გამო გავერანდა მისი მეურნეობა:

,,გადაიღეთ, როგორ ,,ზრუნავს'' ხელისუფალი სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, თურმე რამოდენიმე ძრავის შეუკეთებლობის მიზეზით, როგორ შეუძლიათ ულუკმაპუროდ დატოვონ სოფლის ასეულობით მოსახლე, როგორ შეუძლიათ მშვიდად უმზირონ გადამხმარ ბაღ-ვენახებს, სიმინდის ყანებს, ბოსტნებს... მე კი... ამ საღამოს ბოსტანში, საოჯახოდ პამიდვრის დასაკრეფად გადავედი და იქიდან ცარიელი ხელებითა და აცრემლებული თვალებით წამოვედი... თურმე რა ,,ბედნიერებაა,, ორნიშნა ეკონომიკურზრდიან ქვეყანაში ცხოვრება.'' - წერს ტარიელ გურგენიძე,

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები