ახალი ამბები
,,არ ვმართავთ კონსულტაციებს სადღაც გაუგებარ არჩევნებზე ერთი მანდატისთვის'' - ხაბეიშვილი გორის არჩევნების შესახებ
,,ვთვლი, რომ ასეთ არჩევნებში მონაწილეობას არანაირი მნიშნელობა არა აქვს ერთი კონკრეტული მანდატისთვის, როცა რეალობაში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების პლატფორმა ემზადება რუსული ხელისუფლების შეცვლისთვის.'' - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა გორში ყოფნისას.

მისი თქმით, არანაირი კონსულტაციები ამ მიმართულებით მიმდინარეობს:

,,მარტივი მიზეზით: ჩვენ კონსულტაციებს ვმართავთ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი დამთავრდეს და არა სადღაც ერთი ორ მანდატზე რაღაც კონკრეტულ გაუგებარ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა.'' - განმარტა ხაბეიშვილმა ადგილობრივი ტელევიზიის, ტვ მონიტორინგის ეთერში.

ცნობისათვის, 1 ოქტომბერს გორი-კასპის მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრის შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნების ჩატარება გადაწყდა მას შემდეგ, რაც გახარიას პარტიის წარმომადგენელმა გიგი ხოჯევანიშვილმა საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა.

,,ქართული ოცნების'' პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო ოლქში მმართველი გუნდის სახელით კენჭს გიორგი სოსიაშვილი იყრის.

კანდიდატური პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 14 აგვისტოს წარადგინა.

გიორგი სოსიაშვილმა უკვე შექმნა ფეისბუქის გვერდი, სადაც მოქალაქეები კანდიდატის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობიან.

გიორგი სოსიაშვილი გორის უნივერსიტეტის რექტორია, წელს ის რექტორად მეოთხედ აირჩიეს. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დაიბადა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში. დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა ისტორიის სპეციალობით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები