ახალი ამბები
რაზე ვერ შეთანხმდა გორის მერია გარემოვაჭრეებთან - პროტესტი გრძელდება
გორის მერიასა და გარემოვაჭრეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ამის გამო, დღეს დილით, გურამიშვილის ქუჩაზე საქმიანობას ისევ აგრძელებენ.

როგორც გარემოვაჭრე მარიკა გაგლოშვილი ამბობს, გუშინ საღამოს მერიიდან მიუვიდათ პასუხი, რომ იუსტიციის სახლის უკან არსებულ ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლებას არ მისცემენ.

მერია კი გარემოვაჭრეებს სამ სხვადასხვა ადგილას სთავაზობს საქმიანობისთვის:

,,ის ტერიტორიები, რაც შემოგვთავაზეს, არაა მისაღები, იმიტომ, რომ იქ ჩიტიც არ დაფრინავს'' - აცხადებს მარიკა გაგლოშვილი.

მერიის მიერ შეთავაზებული ადგილები მდებარეობს ,,გეორგია 21-ე''-სთან, შიო მღვიმელის ქუჩაზე არსებულ ახალ სავაჭრო ტერიტორიაზე ( გორიგაზის შენობასთან), ხოლო მესამე ადგილი მდებარეობს წმინდაწყლის ბაზართან.

,,თავდაპირველად, გვითხრეს, რომ შეგვეძლო გადავსულიყავით ქართლის ქუჩაზე, მაგრამ საღამოს ისევ შეცვალეს დაპირება. მერე ჩვენ შევთავაზეთ ძველი ბაზრის ტერიტორიაზე, იუსტიციის სახლის უკან არსებული ადგილი, რომელიც დაბინძურებულია და არავინ უვლის. ველოდებოდით პასუხს და გუშინ საღამოს გვითხრეს, რომ იქაც არ მოგვცემდნენ დგომის უფლებას. ამიტომ, დღეს იძულებულები ვართ, რომ ისევ აქ მოვიდეთ.'' - ამბობს მარიკა გაგლოშვილი.შეგახსენებთ, 2023 წლის 19 აგვისტოდან გორის მერიამ გარევაჭრობა გურამიშვილის ქუჩაზე აკრძალა. გარემოვაჭრეებსა და მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს შორის კონფლიქტი გრძელდება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები