ახალი ამბები
ახალგორში მცხოვრებ ხანდაზმულთა და მარტოხელა მოქალაქეების ნათესავები 3-თვიან საშვებს მიიღებენ
ახალგორში მცხოვრები ხანდაზმული და მარტოხელა მოქალაქეების ნათესავები მიიღებენ საშვებს.

ხადაზმულთა და მარტოხელა ადამიანების ნათესავებს, ამ საშვების საშუალებით, შესაძლებლობა ექნებათ, გადაკვეთონ მოსაბრუნის (რაზდახანის) გამშვები პუნქტი.

საშვების საკითხის შესახებ დღეს ცხინვალში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.

როგორც დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, ნათესავებს უფლება აქვთ მიიღონ ერთჯერადი საშვი, იმისათვის, რომ დაეხმარნონ თავიანთ ნათესავებს საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური საკითხების მოგვარებაში.

საშვები 3-თვიანი იქნება. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანს ანატოლი ფილიევს (პლიევს).

რაც შეეხება სხვა პირებს, როგორც ცნობილია, გამშვები პუნქტის გადაკვეთა მათ ყოველი თვის ბოლოს, 10 დღის განმავლობაში შეუძლიათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები