ახალი ამბები
გორში გარევაჭრობის აღდგენის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გორში გარევაჭრობის აღდგენის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

გარემოვაჭრეები საკრებულოს შენობის წინ მივიდნენ. აქცია ეხება გურამიშვილის ქუჩაზე გარევაჭრობის აღდგენაზე.

გარემოვაჭრეთა აქციას ორგანიზება უწევს სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი. მისი თქმით, მომავალი აქცია გორის მერიის წინ, შემდეგ კი, მერის ლადო ხინჩეგაშვილის სახლის წინ გაიმართება.

ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ, ტვ მონიტორინგის ეთერში საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ განაცხადა, რომ გარემოვაჭრეების უკან დგანან კრიმინალები.

,,ყველაზე დიდი კრიმინალები თვითონ არიან'' - აცხადებენ გარემოვაჭრეები.

შეგახსენებთ, 2023 წლის 19 აგვისტოდან გორში, გურამიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე აიკრძალა. გარემოვაჭრეები ითხოვენ, რომ ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე მისცენ ადგილი, ან ძველ ადგილზე დააბრუნონ.

გორის მერიასა და გარემოვაჭრეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.  მერია  გარემოვაჭრეებს სამ სხვადასხვა ადგილას სთავაზობს საქმიანობისთვის:

,,ის ტერიტორიები, რაც შემოგვთავაზეს, არაა მისაღები, იმიტომ, რომ იქ ჩიტიც არ დაფრინავს'' - აცხადებს მარიკა გაგლოშვილი.

მერიის მიერ შეთავაზებული ადგილები მდებარეობს ,,გეორგია 21-ე''-სთან, შიო მღვიმელის ქუჩაზე არსებულ ახალ სავაჭრო ტერიტორიაზე ( გორიგაზის შენობასთან), ხოლო მესამე ადგილი მდებარეობს წმინდაწყლის ბაზართან.

,,თავდაპირველად, გვითხრეს, რომ შეგვეძლო გადავსულიყავით ქართლის ქუჩაზე, მაგრამ საღამოს ისევ შეცვალეს დაპირება. მერე ჩვენ შევთავაზეთ ძველი ბაზრის ტერიტორიაზე, იუსტიციის სახლის უკან არსებული ადგილი, რომელიც დაბინძურებულია და არავინ უვლის. ველოდებოდით პასუხს და გუშინ საღამოს გვითხრეს, რომ იქაც არ მოგვცემდნენ დგომის უფლებას. ამიტომ, დღეს იძულებულები ვართ, რომ ისევ აქ მოვიდეთ.'' - ამბობს მარიკა გაგლოშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები