ახალი ამბები
,,ოცნებად მქონდა უმაღლესი განათლების მიღება'' - 29 წლის ნინო ეგნატაშვილი სტუდენტი გახდა
ნინო ეგნატაშვილი 29 წლისაა და წელს უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა. ის გორის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და სამართალს ისწავლის.

ნინომ სკოლა 12 წლის წინ დაამთავრა, უკვე ხუთი შვილის დედაა და ამბობს, რომ უმაღლესი განათლების მიღება მისი ოცნება იყო:

,,თორმეტი წელია, რაც სკოლა დავამთავრე და ამ საგნებთან შეხება აღარ მქონია, რომლებიც გამოცდებზე უნდა ჩამებარებინა, თუმცა კარგი ქულები ავიღე. მაქვს რამოდენიმე პროფესიული კოლეჯი დამთავრებული, თუმცა მაინც ოცნებად მქონდა უმაღლესი განათლების მიღება. გადავწყვიტე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლა და ჩაბარება. წინასწარ ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ჩემი სწავლა, სხვებთან შედარებით, რთული მეგონა'' - ამბობს ნინო.

ნინომ გორის მეექვსე საჯარო სკოლა 2011 წელს დაამთავრა, თუმცა ატესტატი არ ჰქონდა სკოლიდან წამოღებულიც კი:

,,ატესტატი წელს ავიღე. დიდი მადლობა დირექტორ მაკა ნუცუბიძეს, ის რომ არა, ვერ ჩავაბარებდი'' - გვითხრა ნინო.

,,წარმოიდგინეთ ხუთი შვილი რამხელა ძალისხმევას მოითხოვს, სულ მარტო ვზრდი ბავშვებს, მეუღლე სულ სამსახურშია, თუმცა მე ეს შევძელი და ძალიან ბედნიერი ვარ. ყველას ვურჩევ, არასდროს არ დანებდნენ და ყველანაირ სირთულეს გაუძლონ, რომ მიაღწიონ სასურველ შედეგს, არ არსებობს გასაჭირი, რომელშიც ღმერთი არ მოგცემს ძალას.'' - აცხადებს ნინო ეგნატაშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები