ახალი ამბები
,,უკან 90-იანებში'' - გორში ახალგაზრდებმა წვეულება გამართეს
,,უკან 90-იანებში'' - ასე ერქვა წვეულებას, რომელიც გორის ახალგაზრდულმა ცენტრმა - ახალმა თაობამ გამართა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დღევანდელ თაობაში მეტად აქტუალურია 90-იანები, მისი სტილი, მუსიკა, ფილმები და ა.შ.

,,ამიტომ ჩვენი მონაწილეების თხოვნით ჩატარდა ეს წვეულებაც და უამრავი კარგი მოგონება დაგვრჩა ამ დღესთან დაკავშირებით.'' - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

90-იანების იმიტაციის წვეულება ,,ახალგაზრდული დღეები 2023"-ის ფარგლებში ჩატარდა. პროექტის მხარდამჭერი გორის მერიაა.



ახალგაზრდული ცენტრი "ახალი თაობა" ორი წლის გახდა. 2021 წლის 26 ივლისს მათი ჩამოყალიბება დაიწყო საზოგადოების ახალგაზრდა თაობის გაძლიერებისა და განათლების მიზნით.

,,ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენი თავდადებული გუნდი, რომელიც ძირითადად შედგება სტუდენტებისა და სკოლის კურსდამთავრებულებისგან, ცდილობდა დადებითი გავლენა მოეხდინა სამ ძირითად სფეროში: არაფორმალური განათლება; გარემოს დაცვა და ნარჩენების მდგრადი მართვა; სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი'' - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

წელს ახალგაზრდული დღეების ფარგლებში არაერთი ღონისძიება გამართეს. მაგალითად, ლომჭაბუკის სკვერში ელექტრონული მუსიკის საღამო, წინა დღეებში კი თეატრის ეზოში ,,სითი გეიმი'' ჩატარდა.



,,უფრო მეტიც, ამ ორი წლის განმავლობაში  „ახალი თაობა“ ემსახურებოდა ახალგაზრდების შეკრების, ზრდის, მოგზაურობის და განვითარების შესაძლებლობებს.'' - წერია ორგანიზაციის საიუბულეო განცხადებაში.



კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების, გასართობი აქტივობების და გარემოს დაცვის კამპანიების მეშვეობით, ახალგაზრდებმა დაინახეს, რომ მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები დიდი მონდომებით იღებდნენ თითოეულ აქტივობაში მონაწილეობას.

,,მათი მონდომება, ენერგია და ცვლილებების შეტანის სურვილი თავიანთ ცხოვრებაში ნამდვილად შთამაგონებელი იყო.'' - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები