ახალი ამბები
გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 21 ექსპონატს რესტავრაცია ჩაუტარდა
სერგი მაკალათიას სახელობის გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში რესტავრაცია ჩაუტარდა 21 ექსპონატს, რომლებიც სასწრაფო გადარჩება ესაჭიროებოდა.

როგორც მუზეუმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რესტავრაციისთვის საჭირო ფინანსები საქართველოს მუზეუმთა ალიანსის დახმარებით მოიძიეს.

,,აღდგენილ იქნა 16 იშვიათი, უნიკალური გამოცემა სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდიდან და 5 ექსპონატი ხელნაწერთა ფონდიდან.'' - აცხადებენ ეთნოგრაფიულ მუზეუმში.



როგორც გაირკვა, ჯერ კიდევ გასულ, 2022 წელს ალიანსის I ანსამბლეაზე მუზეუმის თანამშრომლებმა თხოვნით მიმართეს ალიანსის მმართველ საბჭოს:

,,იქ დავაფიქსირეთ ჩვენი ძირითადი პრობლემა, რომ მუზეუმს, რომელსაც აქვს 88 წლის ისტორია, მდიდარი ფონდები, სამეცნიერო ბიბლიოთეკა რომელიც დაკომპლექტებულია იშვიათი და უნიკალური გამოცემებით. მრავალი გამოცემა მოითხოვდა სასწრაფო რესტავრაცია-კონსერვაციას.'' - აღიშნავენ მუზეუმში.

მმართველმა საბჭომ შეისწავლა გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის მდგომარეობა, პრობლემები და სრულად დააფინანსა 21 ექსპონატის რესტავრაცია.

,,საუკუნეგამოვლილმა ჩვენმა რარიტეტებმა სიცოცხლე შეინარჩუნა და ის კვლავ დიდ დახმარებას გაუწევს როგორც მეცნიერ-მკვლევარებს, ისე სხვა დაინტერესებულ პირებს.'' - აღნიშნულია ეთნოგრაფიული მუზეუმის განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები