ახალი ამბები
ერგნეთში კონსტრუქციული დისკუსიების ნიშნები გაჩნდა
ერგნეთში მხარეები გარკვეულ საკითხებზე კონსტრუქციულ დისკუსიებს მართავენ. ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაშია აღნიშნული.

კონსტრუქციული დისკუსიები ეხება ელექტროენერგიის და სარწყავი არხების ხელმისაწვდომობას.

როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაშია აღნიშნული, მომდევნო შეხვედრამდე, ამ საკითხებზე, მხარეები დამატებით ტექნიკურ შეხვედრებსაც გამართავენ შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რომელ დასახლებებში მოხდება ელექტროენერგიით უზრუნველყოფა.

რაც შეეხება სარწყავ წყალს, ჩვენ ცოტა ხნის წინ ვწერდით, რომ ტირიფონის არხი აღდგენილია იმ კუთხით, რომ სარწყავი წყალი მიეწოდება გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს, რომლებიც მდებარეობენ როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს.

,,მონაწილეები მიესალმნენ დღევანდელ კონსტრუქციულ დისკუსიებს სხვადასხვა თემებზე, როგორიცაა ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა და სარწყავი, ტექნიკური ექსპერტების მოსაზრებების ჩათვლით.'' - აღნიშნულია მისიის განცხადებაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ უსაფრთხოების კუთხით ვითარება შედარებით სტაბილური იყო ბოლო ორი თვის განმავლობაში, მათ შორის 2008 წლის ომის წლისთავთან დაკავშირებით და მის გარშემო.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთო-მ დადებითად აღნიშნეს, რომ გრძელვადიანი დაკავების ზოგიერთი შემთხვევა ახლახან მოგვარდა. თანამონაწილეებმა მოუწოდეს მონაწილეებს შეწყვიტონ დაკავების პრაქტიკა და მხარი დაუჭირეს დარჩენილი დაკავებულების გათავისუფლებას.

შეგახსენებთ, დღეს, 2023 წლის 12 სექტემბერი - ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების 114-ე შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთო-მ მონაწილეები შეაქო IPRM ფორმატის მიმართ მყარი ერთგულების გამო.

,,თანამონაწილეებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა გადაადგილების თავისუფლებისთვის, რადგან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის (ABL) ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა კვლავ აწყდება დაბრკოლებებს, რომლებიც მათ ერთმანეთისგან იზოლირებს, ზღუდავს მათ საარსებო შესაძლებლობებს, აფერხებს მათ ოჯახურ ურთიერთობებს. ასევე გავლენას ახდენს მათ რელიგიურ ცხოვრებაზე. ფასილიტატორებმა ხაზი გაუსვეს, თუ როგორ მოქმედებს ეს დაბრკოლებები განსაკუთრებით ქალებზე, ბავშვებზე და მოხუცებზე.'' - აღნიშნულია მისიის განცხადებაში.

IPRM-ის მონაწილეებმა ასევე განიხილეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების წინაშე მდგარი გამოწვევები, მათ შორის ბოლოდროინდელი უსაფრთხოების ინციდენტები და დაკავებები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები