ახალი ამბები
გორში მოსწავლეთა ტრანსპორტირების ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მუშაობაზე უარი განაცხადა
სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, 2023 წლის 8 სექტემბერს, ინდმეწარმე მაია აბშილავა გორის მერიას ატყობინებს, რომ მას არ შეუძლია მოემსახუროს გორის მუნციპალიტეტში მცხოვრებ მოსწავლეებს.

როგორც აბშილავას წერილით ირკვევა, მას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა საზღვარგარეთ:

,,მიმდინარეობდა ტენდერისათვის მზადება, რათა შეუფერხებლად დაწყებულიყო პროცესი, თუმცა მოულოდნელად დამჭირდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უცხოეთში, კერძოდ კი ავსტრიაში, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან და დროის თვალსაზრისით, ხანგრძლივ ოპერაციულ და თერაპიულ მკურნალობასთან აღმოჩნდა დაკავშირებული. ამ შემთხვევის გათვალისწინებით, აღნიშნული ტენდერის ორგანიზებას, სამწუხაროდ ვერ შევძლებ. გთხოვთ, საპატიოდ მიიღოთ ზემოთ აღწერილი მოცემულობა და შევწყვიტოთ გორის მუნიციპალიტეტსა და ჩემს, მაია აბშილავას შორის დადებული ხელშეკრულება.'' - წერს მაია აბშილავა 2023 წლის 8 სექტემბრის წერილში.

გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წერილით, რომელიც 2023 წლის 12 სექტემბრით თარიღდება, ცნობილი ხდება, რომ მაია აბშილავა 13 220 ლარით დაჯარიმდა. ტენდერში აბშლავამ 660 000 ლარით გაიმარჯვა. მისი კონკურენტი იყო გორის ერთ-ერთი გადაზიდვების კომპანია ,,ბუქო 777''. ამ უკანასკნელმა 669 000 ლარი მიუთითა და დამარცხდა.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე, ავანსის სახით, მას არც ერთი თანხა არა აქვს მიღებული. ვლადიმერ ხინეგაშვილმა პირგასამტეხელო მოითხოვა თიბისი ბანკისგან. იმის გამო, რომ 5 დღის ვადაში არ იყო გადახდილი პირგასამტეხელო, ხინჩეგაშვილმა 12 სექტემბერს ასეთი შინაარსის წერილი მისწრეა თიბისი ბანკს:

,,წინამდებარე უპირობო გარანტიის მიხედვით, "გარანტმა" აიღო უპირობო და გამოუთხოვადი ვალდებულება, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, "ბენეფიციარის" (გორის მუნიციპალიტეტის მერია) წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე, მაგრამ, არა უგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში, გადაეხადა გარანტიაში მითითებული თანხა. გაცნობებთ, რომ "პრინციპალის" მიერ დარღვეული იქნა მასსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #88 ხელშეკრულება. კერძოდ, მიმწოდებელმა უარი განაცხადა მომსახურების გაწევაზე. გთხოვთ, საბანკო გარანტიის შესაბამისად, უზრუნველყოთ 13 220 ლარის ჩარიცხვა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიშის ნომერზე.''- წერია ხინჩეგაშვილის წერილში.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირებას, როგორც წინა წლებში, ამჯერად კომპანია ,,ბუქო 777'' განახორციელებს. მერია მასთან გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ხელშეკრულებას აფორმებს.

,,ბუქო 777'' მიიღებს ნახევარმილიონ ლარს და მომსახურებას 2023 წლის 31 დეკემბრამდე გასწევს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები