ახალი ამბები
ხაშურისა და ბორჯომის მერები დავობენ, თუ ვისი გასაკეთებელია სარმანიშვილისკარის გზა
ახალდაბა-სარმანშვილისკარს შორის დამაკავშირებელი გზა დაზიანებულია. ამის შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ დასახმარებლად ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა.

სოფელი სარმანიშვილისკარი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო ახალდაბა - ბორჯომს ეკუთვნის.

გზაზე დაზიანებულია გადასასვლელი ხიდი, რომელიც ყოველდღიურად ინგრევა.

2023 წლის 25 აგვისტოს ხაშურის მერიამ ბორჯომის მუნიციპალიტეტს მიმართა, რომ გზის დაზიანებული მონაკვეთი მათ ტერიტორიაზე მდებარეობს, შესაბამისად, გზა ბორჯომის სახსრებით უნდა შეკეთდეს.

31 აგვისტოს ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა ხაშურის მერის მოვალეობის შემსრულებელს აცნობა, რომ მართალია გზა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ეკუთვნის, მაგრამ მისით ძირითადად სარმანიშვილისკარელები სარგებლობენ, შესაბამისად, გზაც ხაშურის მერიამ უნდა გააკეთოს.

გთავაზობთ წერილების შინაარსს:

25 აგვისტო, ხაშურის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ქურდაძე ბორჯომის მერს:

,,გაცნობებთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. სარმანიშვილისკარის და ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბას დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი დაზიანებულია და საჭიროებს დაუყოვნებლივ აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას.

ვიზუალური შეფასებით ხიდი მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბას ადმინისტრაციულ საზღვრებში, რის გამოც გთხოვთ, მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება.''

31 აგვისტო, ბორჯომის მერი ოთარ არბოლიშვილი ზვიად ქურდაძეს:

,,ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული (რეგისტრაციის N12-162323798-16) თქვენი, მიმდინარე წლის 25 აგვისტოს N84-842323777 წერილის პასუხად, რომელიც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარმანიშვილისკარის და ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბას დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის რეაბილიტაციას, გაცნობებთ, რომ აღნიშნული ხიდი გამიჯნული არ არის ბორჯომისა და ხაშურის ადმინისტრაციული საზღვრების მიერ. ხიდით, ძირითადად სარგებლობს სოფელ სარმანიშვილისკარის მოსახლეობა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია არ არის წინააღმდეგი თქვენი სახსრებით მოახდინოთ მითითებული ხიდის რეაბილიტაცია.'' - ციტატის დასასრული.

ხაშურის მერიაში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია სარმანიშვილისკარელების პრობლემა მოგვარდეს, ამიტომ, ხაშურის მერიამ გადაწყვიტა დაზიანებული გზა ხაშურის მერიამ შეაკეთოს და ამისათვის 50 000 ლარი გამოყო. თუმცა, გზა ბორჯომის მერიას ეკუთვნს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები