ახალი ამბები
,,სად არის ავზი?'' - აბისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა 13 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო
ასე გამოიყურება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისში ის ტერიტორია, სადაც 300-ტონიანი რეზერვუარის მშენებლობა უკვე დასრულებული უნდა იყოს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 10 დღეა სოფელში ახალი ბრიგადა გამოჩნდა. ახალმა ბრიგადამ გაზაფხულზე დაწყებული სამუშაოები უნდა დაასრულოს.

კომპანია ,,ლაქ დეველოპმენთან'' გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ობიექტი უნდა ჩაბარებულიყო 2023 წლის 13 სექტემბერს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი 15 ოქტომბრამდე გრძელდება.

ვერც ხელშეკრულების მოქმედების ვადის ფარგლებში სრულდება აბისში სასმელი წყლის პროექტი. ამ ეტაპზე შესყიდვების ვებ-გვერდზე ვადის გაგრძელების შესახებ დოკუმენტი ჯერ გამოქვეყნებული არაა.

როდემდე გაუგრძელდა ვადა კომპანიას, ჯერ უცნობია.

აბისში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე მუშები შიდა ქსელების მოწყობაზე მუშაობენ, იციან, რომ ჭაბურღილი მდინარის სანაპიროზე გაკეთდა, საიდანაც წყალი აიქაჩება რეზერვუარში, შემდეგ კი შიდა ქსელით სოფლის მოსახლეობას თვითდინებით მიეწოდება.

,,რაღაც პერიოდი გაჩერებულები იყვნენ, თუმცა ჩვენ არ ვიცით, რატომ. ახლა რაღაც 10 დღეა გამოჩნდა ახალი ბრიგადა და მუშაობენ. როდის დაასრულებენ, არ ვიცით'' - აცხადებენ ადგილობრივები.

სასმელი წყალი თვითდინებით 219 ოჯახში უნდა მივიდეს. მონტაჟდება მრიცხველებიც.

აბისის სასმელი წყლის პროექტის განხორციელება 2023 წლის აპრილში დაიწყო. სამუშაოები 161 დღეში უნდა დასრულებულიყო. ჯამში 924 000 ლარია გათვალისწინებული. კომპანიას უკვე მიღებული აქვს თანხის 47% - 439 000 ლარი. რაც გაკეთდა, მისი ხარისხი, საზედამხედველო კომპანია ,,ოპტიმალ გრუპის'' შეფასებით, ნორმებს შეესაბამება. თუმცა, ერთ-ერთ ბოლო შესრულებულ სამუშაოზე კომპანიამ იმაზე მეტი თანხა მოითხოვა, ვიდრე, ოპტილმალ გრუპის შეფასებით, შესრულდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები