ახალი ამბები
ოსური ცეკვის სოლისტი - გელა თეგაძე


15 წლის გელა თეგაძე გორის ქორეოგრაფიული ანსამბლის "ასას ფესვების" სოლისტია. როგორც თავად ამბობს, ცეკვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ოცნებობს, რომ ქართული ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" მოცეკვავე გახდეს.

ცეკვის გარდა სხვა მიზნებიც აქვს. ფიქრობს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგი გახდება. რისთვისაც ძალიან ბევრს შრომობს. როდესაც იღლება, ცხოველებს ესაუბრება. ამბობს, რომ ეს მისთვის საუკეთესო თერაპიაა.



"არ მიყვარს ძილი. დილით ძალიან ადრე ვიღვიძებ. ვარჯიშობ, შემდეგ ჩემს ცხოველებს ვუვლი. ძალიან ბევრი ცხოველი მყავს, ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. სამწუხაროდ, ვერ ვიპოვე ისეთი ადამიანი, რომელსაც შეიძლება საუკეთესო მეგობარი ვუწოდო. ჩემს ცხოველებში გამიმართლა. მათ ყველაფერს ვუყვები."-გვიყვება გელა თეგაძე.

გელა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში ცხოვრობს. ბავშვობაც ამ სოფელში გაატარა. ამბობს, რომ პატარაობიდან აქტიური და ცნობისმოყვარეა.



"ცეკვის გარდა, ასევე მაინტერესებდა ხატვა და მუსიკა. აგრეთვე ყოველთვის მაინტერესებდა გალაქტიკა. იმიტომ, რომ ძალიან საინტერესო რაღაცაა და ყოველთვის ვეძებდი ახალ ინფორმაციას, რომ უფრო მეტი მცოდნოდა სამყაროზე. რა თქმა უნდა ჩემი ფავორიტი საგნები ფიზიკა და მათემატიკაა. ძალიან საინტერესო ამოცანები აქვს. უკვე მე-10 კლასში გადავედი და 9 კლასი, ათებით დავამთავრე. მინდა, რომ ოქროს მედალი ავიღო."-ამბობს გელა თეგაძე.

გელა თეგაძე ამბობს, რომ რის მიმართაც არ უნდა გამოიჩინოს ინტერესი, ცეკვას ვერაფერი ავიწყებს, რადგან როდესაც ცეკვავს ამ სამყაროს აღარ ეკუთვნის. მისთვის ერთადერთი ნათელი წერტილი, ქართული ცეკვებია.



"როდესაც მუსიკის ხმა მესმის და ყურიდან ჩემს ორგანიზმში ეს ბგერები გადადის, ამ სამყაროს სრულიად ვწყდები და სადღაც სხვაგან მივდივარ. ამ დროს სრული სიჩუმეა, არაფერი მესმის ხოლმე. ცეკვის დროს, საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებ. ოსურის სოლოს ვცეკვავ და ეს სოლო იმიტომ მერგო, რომ ამით თითქმის ჩემს შინაგან სამყაროს გადმოვცემ. საკმაოდ მკაცრი ცეკვაა, ტანი უნდა გეჭიროს, გამართული უნდა იყო, ცერს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თავს, გამოხედვას. ცეკვის დროს, გოგოს თვალი არ უნდა მოაშორო. ერთი სიტყვით შინაარსიანი და საინტერესო ცეკვაა, დიდი ცეკვაა და დიდ პატივს ვცემ. ვერ ვივიწყებ იმ განცდას, როდესაც პირველად ოსური ვიცეკვე. ეს მოხდა ჩვენს სოლო კონცერტზე, რომელიც 5 მაისს, გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში გაიმართა. ის ოვაციები, რაც ხალხისგან მოდიოდა, როდესაც მე ოსურს ვცეკვავდი იყო დაუჯერებელი. ცამდე ავედი, იმდენად დიდი ემოცია და ენერგია მოდიოდა ხალხისგან."-იხსენებს გელა თეგაძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები