ახალი ამბები
ნაბახტევში ასფალტი ჩაზნექილ ხიდზე დააგეს, რომელიც შემდეგ ჩაინგრა - ხაშური
,,ქართლის ამბებმა'' მოიპოვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ხაშურის სოფელ ნაბახტევში ასფალტი ჩაზნექილ ხიდზე დააგეს.

ეს დოკუმენტი შედგენილია 2020 წელს, როდესაც ნაბახტევიდან გომი-საჩხერის გზამდე გზის მოასფალტების სამუშაოები დაიგეგმა.

დღეს, 5 ოქტომბერს ხიდი ჩაინგრა. ხაშურის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ხიდის ჩანგრევის მიზეზს გაარკვევს.

თუმცა, 2020 წელს შედგენილ დოკუმენტში წერია, რომ ასფალტის საფარი უნდა დაგებულიყო დაზიანებულ ხიდზეწ.

პროექტი შეადგინა ,,კავკასუს როუდმა'', ხოლო საგზაო სამუშაოები შეასრულა ,,დინ გრუპმა''. დაიხარჯა 1.8 მლნ ლარი.

საპროექტო დოკუმენტში წერია:

,,მდ. ჭერათხევზე არსებული რკინაბეტონის ხიდის მდგომარეობა და გაბარიტები ვერ აკმაყოფილებს ტექნიკური პარამეტრების მოთხოვნებს, მაგრამ საპროექტო დავალებით ხიდის რეკონსტრუცია არ არის გათვალისწინებული. მალის ნაშენის რკინაბეტონის ფილას დაკარგული აქვს საპროექტო ფორმა, ჩაზნექილია. არ აქვს თვალამრიდები და ტროტუარები, არსებული ბეტონის მონოლითური პარაპეტების მოაჯირები ნახევრად დაშლილია. სასურველია ვაკისის გაგანიერება ზემოთჩამოთვლილი პირობების შესრულებისთვის, მოცემული პროექტით ხიდის შეკეთებისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ ხიდზე არსებული დაზიანებული საფარის გამოცვლა და საიმედო ლითონის მოაჯირების მოწყობა''

ეს ინფორმაცია ცნობილი იყო მერიისთვის, ასევე, იმ სამშენებლო კომპანიისთვის, რომელმაც სოფელ ნაბახტევში საგზაო სამუშაოები დაიწყო და დაამთავრა.

ხიდით ნაბახტეველები უკავშირდებოდნენ გომი-საჩხერის გზას. ახლა ისინი მეორე, ძველ ხიდს იყენებენ, რომელიც ასევე დაზიანებულია.

რა მდგომარეობაშია მეორე ხიდი და რატომ მიატოვა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ძველი ხიდის რეაბილიტაცია, დამატებით დეტალებს მომდევნო მასალაში შემოგთავაზებთ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები