ახალი ამბები
,,ჩვენ ორნი'' - სოფიო და თამილა ხაბალაანთუბნიდან


ტანის ხეობაში ბოშურის ზევით რამდენიმე პატარა სოფელია. ყველას თითქმის თავისი აბრა აქვს, მხოლოდ ერთ სოფელს არა აქვს აბრა – ეს ხაბალაანთ უბანია. მისი საზღვრები გაგლოაანთ უბნის ტერიტორიაზე მოაქციეს. თუმცა ხაბალაანთ უბანს გაგლოაანთ უბნამდე რამდენიმე კილომეტრი აშორებს.

სოფელში ამჟამად 20-მდე სახლი დგას. ყველა მათგანი ერთ პატარა ქვაბულშია მოქცეული. წინა პლანზე ახლადაშენებული, თანამედროვე ტიპის ერთი სახლია. ის რამდენიმე წლის წინ. თბილისიდან ჩასულმა ოჯახმა ააშენა. როგორც სოფელში გვითხრეს, აგარაკი რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელის ოჯახს ეკუთვნის. თუმცა, დიდი ხანია აღარ გამოჩენილან დასასვენებლადო.

წლების შემდეგ ხაბალაანთ უბანი ერთ დიდ სააგარაკე ადგილად გადაიქცევა. დიდია დაინტერესება მიწის ნაკვეთების მიმართ. ჩრდილო ოსეთში გახიზნული ოჯახების უმრავლესობა, ვინც ახერხებს ქონების დაბრუნებას, ყიდის სახლსა და ნაკვეთებს. ვინც ვერა - სახელმწიფო საკუთრებაში ექცევა და შემდეგ მას სახელმწიფო ყიდის.

ხაბალაანთ უბანს ასევე უწოდებენ წარეტაანთ უბანს, ეს იმის გამო, რომ წარეტაშვილებიც ცხოვრობენ. ორივე გვარი ეთნიკური ოსებს ეკუთვნის.

ჩვენი პირველი მასპინძელი ოჯახი წარეტაშვილები აღმოჩდნენ. ამ სახლში 88 წლის სოფიო წარეტაშვილი ცხოვრობს. მისი მეუღლე ერთი წლის წინ გარდაიცვალა. უქმეებზე მის მოსანახულებლად შვილები და შვილიშვილები ჩადიან. ჩვენი სტუმრობის დროს დედასთან იმყოფებოდა ლალი წარეტაშვილი. ლალი თბილისში ცხოვრობს.

,,ფეხით ამოვედი ბობნევიდან. ხომ ნახეთ რამხელა მანძილია. ბიისამდე მანქანას გამოვყევი, მერე იქიდან ფეხით გავაგრძელე გზა. ბოშურში სასტუმროს მეპატრონეები მანქანით მოდიოდნენ, ისინიც თბილისელები არიან. როგორ ვიკადრო, რომ გზაში დაგტოვოთო. ამომიყვანეს აქამდე. ადამიანი ბოშურში მიდიოდა და აქ ამომიყვანა"" - გვიყვება ლალი.

ეზოში საუბრის დროს, სოფელ ლევიტანიდან მომავალი ფრიდონ ქოქოშვილი შემოვიდა. ლალიმ ეზოში შეიპატიჟა. ჩვენ მას უკვე ვიცნობდით, მკითხველიც იცნობს. მასწავლებელი, რომელიც ბოშურიდან ლევიტანის დაწყებით სკოლამდე ფეხით დადის.



როგორც გავარკვიეთ, ხაბალაანთ უბანს უკვე დასასვენებელი ადგილის ფუნქცია აქვს. ზაფხულობით ორი კვირით აქ ის ოჯახები ჩამოდიან, რომელთა წინაპრების სახლი შემორჩა. უმრავლესობამ გაყიდა კიდეც და სოფელში ახალმოსახლეებიც არიან.

88 წლის სოფიო წარეტაშვილი გვიყვება, რომ მისი ახალგაზრდობის დროს, სოფელში 35-მდე ოჯახი მაინც იყო. სოფელი ნელ-ნელა იცლებოდა. მისი მეუღლე ერთ-ერთ იყო, რომელიც ჯარში რუსთავში მსახურობდა. თვითონ სოფიო კი ბაკურიანიდანაა.

,,ჩემი მომავალი მეუღლე რუსთავში გავიცანი. იქ ვსწავლობდი. ჩემ ნათესავ ბიჭს დაუმეგობრდა და ასე გავიცანი. თვითონ დედით ხაბალოვი იყო.ჩემი ნათესავი ბიჭიც ხაბალოვი იყო. დავიწყეთ ცხოვრება ქალაქში. 40 წელი დაზგაზე მუშაობდა, მრანდავი (ხის ოსტატი) იყო. ქვეყანა რომ აირია, სამსახური აღარ ჰქონდა. გაგიჟდა კაცი. უსამსახუროდ როგორ ვიცხოვროო. ქვეყანა რომ ცოტა დაწყნარდა, მერე გადმოვედით აქ საცხოვრებლად"" - გვიყვება 88 წლის სოფიო.

ქვეყნის არევაში 1990-91 წლების პერიოდი იგულისხმება, როდესაც ქართულ-ოსური კონფლიქტი იყო გაჩაღებული. ხაბალაანთ უბნიდან ოჯახებმა გადინება დაიწყეს, ძირითადად, ჩრდილოეთ ოსეთში. ნაციონალისტური ჯგუფები, რომლებიც ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში, არაფორმალურ დაჯგუფებებად ჩამოყალიბდნენ, ამ სოფელსაც სტუმრობდნენ.

შევარდნაძის პერიოდში სიტუაცია დაწყნარდა. სოფიო და მისი მეუღლე სოფელს დაუბრუნდნენ.

,,ჩემი მამამთილი უკვე გარდაცვლილი იყო. მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა და საოცრად გადაურჩა სიკვდილს. მისი ისტორია ცალკე წიგნად დაიწერება"" - ამბობს სოფიო.



როგორც სოფიო ყვება, მისი მამამთილი ომის დროს, სანგარში იყო. სანგარში მყოფი ჯარისკაცები დახოცეს და მერე მიწა მიაყარეს. ვინც გადარჩა ტყვედ წაიყვანეს.

,,იქ ერთმა თქვა, მგონი ერთი კაცი ცოცხალი იყოო. მიბრუნდნენ, ამოთხარეს მიწა და ჩემი მამამთილი ამოიყვანეს მიწიდან. ცოცხალი გადარჩა. მე რომ რძლად მომიყვანეს, მე დავიწყე საბუთების შეგროვება, თორემ არავინ იცოდა, რომ გმირულად იბრძოდა ომში"" - იხსენებს სოფიო.

საუბარში მის შვილს, ლალის გაახსენდა, რომ მალე ვახშმის დროს, მოვიდოდა. ამიტომ, მეზობელთან წავიდა. თამარ ყაჭეიშვილთან, რომელიც მარტო ცხოვრობს.

,,ხუთ საათზე გვაქვს ვახშამი, ერთად ვვახშმობთ და სულ ეს არის აქ ერთი დღე. თამილასაც მეტი სადა აქვს წასასვლელი. მეიმედება, რომ ისიც სოფელში ცხოვრობს და დედაჩემთან ახლოსაა."" - გვიყვება ლალი და მივდივართ თამილასთან, იგივე თამარ ყაჭეიშვილთან.

თამარ ყაჭეიშვილი წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა. 1987 წელს ცოლად გაყვა გიორგი გაგლოშვილს. ქვეყანა რომ აირია, შეეშინდა, რომ კონფლიქტს მისი ქმარი არ გამხარიყო მსხვერპლი:

,,ცოტა ხნით გავგზავნე ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზში). მე ვუთხარი, წადი, ცოტა ხნით, გაერიდე აქაურობას. მე აქ დავრჩები და მივხედავ სახლს-მეთქი. დამიჯერა და წავიდა. მე დავრჩი სოფელში. სულ მარტო ვიყავი ხოლმე. არაფორმალები რომ ჩამოივლიდნენ, ატეხავდნენ სროლას, შევიმალებოდი სახლში, ლამფას ჩავუწევდი, ძაღლსაც ოთახში შევიყვანდი, რომ ხმა არ გაეგოთ. აი, ასეთი დღეები გადავიტანე. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ჯანი მქონდა, არ არაფრის მეშინოდა."" - ამბობს თამარ ყაჭეიშვილი.

მეუღლე 6 წლის წინ გარდაეცვალა. შვილები დაოჯახდნენ და ბარში წავიდნენ საცხოვრებლად:

,,ერთი გოგო ავად გამიხდა. სანამ გათხოვდებოდა, აქ მეხმარებოდა ხოლმე საქონლის მოვლაში. მკურნალობის გამო ყველაფერი გავყიდე, საქონელიც, რაც გამაჩნდა. მერე გათხოვდა და დავრჩი მარტო. კი მივდივარ ხოლმე მასთან, მაგრამ მერიდება, სულ იქ ყოფნა. აქ მირჩევნია ვიცხოვრობ. ჩემთვის მომყავს რაღაცეები"" - გვიყვება თამარ ყაჭეიშვილი.

ხაბალაანთ უბანში ზამთარში ყოფნა გაუსაძლისია. წყალი საერთოდ არ მოდის:

,,წყლის მილები ჰაერშია გამოკიდებული. ერთმა თბილისელმა კაცმა გვითხრა, მე გაგიკეთებთ წყალსაო. ძროხები გაყიდეთ თითო ოჯახმა და იმ ფულით გავიყვან სისტემასო. თვითონაც ჭირდებოდა წყალი და ვიფიქრეთ, კარგი იქნება-თქო. გაიყვანა მილები, მაგრამ ზამთარში იყინება. საერთოდ, არ გვაქვს წყალი. მხოლოდ ზაფხულში მოდის. წყაროდან გამოიყვანა სოფლამდე, თვითდინებით მოდის, მაგრამ ეს მილი უნდა იყოს მიწაში, რომ არ გაიყინოს. მთავრობამ ონკანი დაგვიდგა, მაგრამ ტყუილად დგას"" - საუბარში ჩაერთო სოფიო.

მზე უკვე ჩასული იყო, როცა სოფლიდან დავბრუნდით. ფრიდონ მასწავლებელიც ჩვენ გველოდებოდა, რომ ბოშურამდე წაგვეყვანა. რაკი შეაგვიანდა, მეუღლე ხშირად ურეკავდა, რადგან ხეობაში ფეხით მარტო სიარული უკვე საშიშია გარეული ცხოველების გამო. 


Print

სტატიის გამოყენების პირობები