ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ცხინვალის სიახლოვეს დაკავებული არჩილ ბასანიძე გაათავისუფლა
ქ. ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული არჩილ ბასანიძე თავისუფალია.

ის დღეს ერგნეთში ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, არჩილ ბასანიძე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დააკავეს.

,,არჩილ ბასანიძის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც "ცხელი ხაზის" მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.'' - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

სუს-ში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

,,ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.'' - ნათქვამია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები