ახალი ამბები
15 ოქტომბერს ,,კოსტაობა'' აღინიშნება
15 ოქტომბერს, ლაგოდეხში, სოფელ არეშფერანში კოსტაობა აღინიშნება. სახალხო დღესასწაული კოსტა ხეთაგუროვის ხსოვნას უკავშირდება.

კოსტა (კონსტანტინე) ლევანის ძე ხეთაგუროვი დაიბადა 1859 წელს სოფ. ნარში, ჩრდილოეთი ოსეთში. ის საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ოსური ლიტერატურის დამფუძნებელი; პოეტი, განმანათლებელი, მხატვარი.

ბიოგრაფიული ცნობების მიხედვით, 1871-1881 წწ. სწავლობდა სტავროპოლის ვაჟთა გიმნაზიაში; 1881-1885 წწ. პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში; უსახსრობის გამო მიატოვა სწავლა, დაბრუნდა ოსეთში და როგორც პოეტი და მხატვარი შეუდგა შემოქმედებით მოღვაწეობას; გახდა ოსი ხალხის აღიარებული ტრიბუნი და ბელადი ცარიზმის წინააღმდეგ მიმართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში;

1891-1896 და 1899-1902 წლებში ორჯერ იყო გადასახლებული; 1903 წელს მძიმედ დაავადდა და ვეღარ დაუბრუნდა შემოქმედებითსა და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. გარდაიცვალა 1906 წლის 1 აპრილს.

ცნობილია, რომ მისი თაოსნობით ვლადიკავკაზში ქართული სკოლა დაარსდა. ინიციატორები კოსტა ხეთაგუროვი და მიხეილ ყიფიანი იყვნენ. 1880-იან წლებში, ვლადიკავკაზში მცხოვრები ქართველი თემისთვის სკოლის გახსნასთან დაკავშირებით, მიმართეს ქალაქის ხელმძღვანელობას. ყიფიანი მაშინ თერგის ოლქის მიწათმოწყობის სამსახურის უფროსი იყო.

ვლადიკავკაზის ქართული სკოლის შესახებ არაერთი მასალა იბეჭდებოდა იმ დროინდელ ქართულ პრესაში:

"ვლადიკავკაზის სკოლამ ნათლად გვაჩვენა, თუ რა შეუძლია კარგად ორგანიზებულს სკოლას. იგი იქცა ცხოვრების ბირთვად ვლადიკავკასელ ქართველთათვის. ის ისე შეიყვარეს, რომ მცირერიცხოვანმა ქართველებმა ცალკე შენობაც ააშენეს სკოლისათვის და ეკლესიისათვის და თვითონვე იხდიან ყოველივეს ქირას." (ი. გოგებაშვილი, ივერია, 1899წ. N265).

"ამ სკოლამ, მისმა დამაარსებლებმა და პედაგოგებმა — მ. ყიფიანმა, კ. ხეთაგუროვმა, ლ. ბოცვაძემ, გ. ნათაძემ და სხვათ დაიმსახურეს არნახული პოპულიარობა, სიმპატია და პატივისცემა. ქართული სკოლა იცის ყველამ: რუსებმა, ოსებმა, სომხებმა, ვისაც არ ვკითხე, ყველამ მიმასწავლა თუ სად მდებარეობდა ის." (ივერია, 1895წ. ეკატერინე გაბაშვილი).
Print

სტატიის გამოყენების პირობები